ილია მეორემ ეკა ბესელია და ანი მიროტაძე ღირსების მანდილით დააჯილდოვა

7,247 ნახვა 0 სგ
0 სგ

თბილისი, 12 დეკემბერი - დღეს დილით, გამთენიისას, სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა 9 წლის განმავლობაში სხვადასხვა სახის უმცირესობების მიერ მუდმივად დაჩაგრული და დამცირებული ქართველი მართლმადიდებელი ხალხის რეაბილიტირებისა და საზოგადოებაში ინტეგრირების ეკლესიური პროგრამის შემუშავებისთვის ეკა ბესელია, ხოლო ამ პროგრამაში შეტანილი განსაკუთრებული მართლმადიდებლური წვლილისთვის ანი მიროტაძე, ღირსების მანდილით დააჯილდოვა და პარლამენტარი ქალები პატრიარქის დობილებად აკურთხა. ცერემონიამ თბილისის აეროპორტში, წმ. შუშანიკის სახელობის ეკლესიაში, პომპეზურ ვითარებაში ჩაიარა.

მიუნხენში გაფრენამდე რამდენიმე წუთით ადრე, ილია მეორემ შეკრებილ ქართველებს, მართლმადიდებლებს და უფლებადამცველებს სიტყვით მიმართა და ყველა დალოცა, ხოლო ღირსების მანდილით დაჯილდოვებულ პარლამენტარ ქალებს სხვადასხვა მატერიალური თუ არამატერიალური საფრთხეების და ცდუნების წინაშე გამოჩენილი სიმტკიცისთვის, მართლმადიდებლური ზნეობისა და პრინციპულობისთვის მადლობა გადაუხადა.

“ქართველ ქალს, უპირველეს ყოვლისა, უნდა შეეძლოს გაჩუმება, დუმილი - ეს ღვთისგან მონიჭებული ჯილდოა. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს ჩვენი ტრადიციები, ჩვენი ქალები ისტორიულად ყოველთვის დუმდნენ, და სწორედ ამან მოგვიყვანა და გადაგვარჩინა აქამდე, როგორც ქვეყანა. ქართველი ქალის ბაგეს მხოლოდ ლოცვა ამშვენებს და არათუ საკუთარი აზრების გამოხატვა, მითუმეტეს თუ ეს აზრები არამართლმადიდებლურია” - მიმართა დამსწრე საზოგადოებას ილია მეორემ.

“პატრიარქის დობილად კურთხევა ჩემთვის, რა თქმა უნდა, ბუნებრივია, პირველ რიგში არის უდიდესი პასუხისმგებლობა და მე ვარ დღეს უბედნიერესი, პირველ რიგში როგორც პატრიარქმა აღნიშნა, ქართველი ქალი და ამის შემდეგ უკვე ადამიანი. მე ვაპირებ უფრო ინტენსიურ მუშაობას და ყველაფერს გავაკეთებ საპატრიარქოსა და პარლამენტს შორის ურთიერთობის გაღრმავებისთვის და ეს ჯილდო ჩემთვის არის უდიდესი სტიმული” - განაცხადა დაჯილდოვების ცერემონიის დასრულებისას ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან, ხოლო მარხვაზე მყოფმა ანი მიროტაძემ ტერიტორია უკომენტაროდ დატოვა.

სოსო ჯაჭვლიანმა კი ბესელიას და მიროტაძეს პატრიარქის დობილებად კურთხევა მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ მომავალში კიდევ გამოიძებნებიან პარლამენტში ამ ჯილდოს ღირსი ქართველი ქალები. “მე ღრმად მწამს, რომ კიდევ არაერთი პარლამენტარი ქალი დაიმსახურებს ამ უდიდეს მადლს საქართველოს პატრიარქისგან და გახდება მისი დობილი. არც კი მინდა გავიხსენო.. მე პირადად მრცხვენია რომ ეკა ბესელია და თამარ კორძაია ერთმანეთის გვერდით უნდა იჯდნენ პარლამენტში.. ცინიკური ლაპარაკი, მითუმეტეს ქალისგან?! ამ ქვეყნიდან ცინიზმის დრო უნდა წავიდეს ერთხელ და სამუდამოდ, გვეყო ცინიზმი, ვიზეიმოთ ქართველებო!” - უთხრა ჯაჭვლიანმა ჟურნალისტებს და პირჯვარი გადაიწერა.

შეგახსენებთ, “ღირსების მანდილი” და “პატრიარქის დობილი” ილია მეორის მიერ დაარსებული ჯილდოა და იგი საზოგადო მოღვაწე მართლმადიდებელ ქართველ ქალებს გადაეცემათ. პატრიარქის დობილები უკვე არიან ირმა ინაშვილი, ნანა კაკაბაძე, მაია ასათიანი და შორენა შავერდაშვილი, რომლებმაც აღნიშნული ჯილდო გასული წლის დასაწყისში მიიღეს.

კომენტარები