ბათუმი, 12 აგვისტო - გიორგი აბაშიძის განცხადების გავრცელების შემდეგ ბათუმში მასშტაბური ღონისძიებების დაგეგმვა დაიწყო. როგორც ჩიტს ბათუმიდან აცნობეს, უკვე დაწყებულია სხვადასხვა მშენებარე და უკვე აშენებული შენობების დემონტაჟი. "ბაბუს ზუსტად ისე უნდა დავახვედროთ ბათუმი, როგორიც მან დატოვა!" - აცხადებს პოეტი ირაკლი ჯაში და ასლან აბაშიძეს ლექსს უძღვნის:
"სულმნათი ჩემი შენ ხარ ასლან,
მე მოგტიროდი ყოველდღე ლომსა,
აწი გვეღირსა შენი ჩამოსვლა
დაბრუნებულხარ, ეს კი კარგია,
აღარ ვიტირებ აწი არასდროს,
როცა კი გავა არხზე ნარნია!"
შეგახსენებთ, რომ ირაკლი ჯაშმა ბიძინა ივანიშვილსაც მიუძღვნა ლექსი, რომლის მიხედვითაც ბერამ თავისი სიმღერა "პუბლკა შოკშია, მამა!" ჩაწერა.
როგორც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი იუწყება აბაშიძეების დაბრუნებასთან ერთად ტურისტული სეზონი უფრო გააქტიურდება, რადგან წვიმები აღარ იქნება. "9 წლის განმავლობაში ბათუმს და მის სტუმრებს წვიმები აწუხებდათ, მაგრამ ეს შეიცვლება! ბათუმის ცა თავის დიად შვილს მისტიროდა და სწორედ ამიტომ იყო ხოლმე ცუდი ამინდები." დასძინეს ტურიზმის დეპარტემენტში.
აბაშიძეების დაბრუნებას კულინარიული რეფომრებიც მოჰყვება, რაც გულისხმობს ცომგამოცლილი აჭარული ხაჭაპურების აკრძალვას. "ეს იყო სააკაშვილის რეჟიმის ბინძური კამპანია, რომელიც მიმართული იყო ქართველი ერის დამშევისკენ." აცხადებს შეფ-მზარეული დონარა კ. და გვპირდება, რომ ამიერიდან სამართალთან ერთად ბათუმში ნაყროვანებაც აღსდგება.
ბათუმის ინფრასტრუქტურის სამსახურმა უკვე დაიწყო ასფალტის გაფუჭება ყველა ქუჩაზე, გარდა ცენტრალური გამზირისა. მერიაში ამ ფაქტს გიორგი აბაშიძის უსაფრთხოებაზე ზრუნვით ხსნიან. "გიორგი რომ ლამბორჯინს მოახტება და ირბენს, ჰო შეიძლება ბავშვმა სხვა ქუჩაზე გადაუხვიოს იქ თუ კარგი გზა იქნება და მოხვევისას შეიძლება რამე ხიფათს გადაეყაროს. ამიტომ მარტო სწორად ივლის ცენტრში." გარდა გზის ინფრასტრუქტურილი ინოვაციისა, ბათუმის მერიის ახალგაზრდა თანამშრომლები გელათი, ლომით და სხვა ხელსაწყოებით დადიან ქალაქის ქუჩებში და ჯერ კიდე ჩაუზნექავ სკამებს ზნექენ.
ფუნქცია შეეცვლება ანბანის კოშკსაც. შენობას ქართული ოცნების ბათუმის ოფისის ეზოში გადაიტანენ და ის ამიერიდან აღდგენილი ღირსების სიმბოლო იქნება. სავარაუდოდ, გარშემო შლოპანცების ძეგლისგან წამოღებულ კვერცხებსაც შემოულაგებენ.
ქართველი ექსპერტების განცხადებით, ასლანის დაბრუნების შემდეგ სააკაშვილის მზაკვრული გეგმა, აქციოს ქართველები ვიღაცების მოსამსახურეებად, წარსულს ჩაბარდება. "ეს იქნება დიდი გამარჯვება ქართველი ხალხის ღირსებისა და თავისუფლების აღდგენის გზაზე." განაცხადა ალექსანდრე ნეველის ნეკნის საზოგადოების თავმჯდომარე დალი შ.-მ.
აბაშიძეების დაბრუნების შესახებ განცხადება გაავრცელა საქართველოს პროკურატურამაც. კბილაშვილის უწყებაში ამბობენ, რომ აბაშიძეს ჩამოსვლისთანავე დააკავებენ. თუმცა, აბაშიძის დაკავების ოპერაცია პირად კონტროლზე ირაკლი ღარიბაშვილმა აიყვანა.
ცენტრისა და რეგიონის დაპირისპირების შესახებ ბათუმიდან მაუწყებლობდა "ოზდამეხუთე ჩიტი."