დასჯილი ბიჭუნა დედას სიმშვიდისკენ მოუწოდებს

4,075 ნახვა 0 სგ
0 სგ

თემქა, 1 მაისი - თექმის მესამე მიკრო-რაიონში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, რომელსაც ბევრი პოლიტიკური სპეკულაცია მოჰყვა, დასჯილი ოთარიკო ნამორაძე განცხადებას ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ ინციდენტი დღეს, პირველ მაისს, ოთარიკოსა და მის მამას, არქიტექტორ შოთა ნამორაძეს შორის მოხდა. ბიჭუნამ მამას მეცადინეობისა და კარგი ნიშნების სანაცვლოდ, მისთვის სათამაშოების ყიდვისა და 9 საათის ნაცვლად 9:30-ზე დაძინების მოთხოვნით მიმართა, რამაც დამსახურებული არქიტექტორის ბრაზი გამოიწვია და ბიჭუნა კუთხეში დააკავა. მოგვიანებით გავრცელებულ განცხადებაში ნამორაძის სანათესაომ მამის გადაწყვეტილება ოთარიკოს არაადეკვატური ქცევით ახსნა. "ის მისაღებ ოთახში დარბოდა, ყვიროდა, შემდეგ საძინებელში შევარდა და ლოგინზე ხტუნვა დაიწყო." - განცხადა ნამორაძის ბიცოლამ ჟურნალ "ლიბერალთან" ინტერვიუში.

თავად ოთარიკო მამისა და მისი სანათეოს განცხადებას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ უბრალოდ ტახტზე იჯდა და წუწუნებდა როდესაც მას გაშმაგებული მამა მივარდა და თავში სულ "კამსამოლსკაია პრავდა" ურტყა, რის შემდეგაც ყურში ჩაავლო ხელი და კუთხესთან მიათრია. როგორც ჩიტმა გააკრვია, ოთარიკო აღმოსავლეთ კედლის კუთხეში დააყენეს, როგორც მართლმადიდებლურად მონათლული.

აღნიშნულ ინციდენტში მოგვიანებით ჩაერთო ოჯახის ბურჯი და დედა მარინე ფერაძე, რომელმაც დაგმო მეუღლის საქციელი და მას გონზე მოსვლა ურჩია.

პოლიტიკური სპეკულაციების თავიდან ასაცილებლად ოთარიკო ნამორაძემ კუთხიდან, რომლიდანაც მალევე გაათავისუფლეს, განცხადება გაავრცელა, რომელსაც ჩიტი უცვლელად გთავაზობთ:

"მე მოვუწოდებ დედას, ნუ გამოიყენებს ამ ინციდენტს პოლიტიკური სპეკულაციებისთვის. აშკარაა, რომ მამაზე გავლენა მოახდინა ბინის წინა პატრონმა, რომელიც უკვე შვიდი თვეა აქ აღარ ცხოვრობს, მაგრამ მაინც."

ოჯახურ კონფლიქტს ეხმაურება ექსპერტი გია ხუხაშვილი, მისი თქმით, დღესდღეობით, 10 საათამდე დაძინება ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა.

კომენტარები