იუსტიციის სახლებში საეკლესიო მომსახურებაც იქნება ხელმისაწვდომი

10,901 ნახვა 0 სგ
0 სგ

თბილისი, 24 ოქტომბერი - იუსტიციის მინისტრობის კანდიდატის თეა წულუკიანის ახალი ინიციატივით იუსტიციის სახლებში ახალი რეფორმები გატარდება. წლის ბოლომდე იგეგმება რებრენდინგი და ახალი მომსახურებების დამატება. არსებულ მწვანე ფერს ჩაანაცვლებს შავი და ოქროსფერი (მდიდრული). ყელსახვევები, რომლებსაც მომსახურე პერსონალი ატარებს თავშალის ფუნქციას მიიღებს. იუსტიციის სახლის "ჯინგლი" - "ტუ ნუ ნუ ნუ ნუ ნუ ნუ ნუ ნუუუუ ნუ ნუუუუ" "შენ ხარ ვენახის" აკორდებით ჩანაცვლდება. ღიმილის ნაცვლად თანამშრომლებს სათნოება მოეფინებათ სახეებზე, ხოლო ყავისა და ნამცხვრის მაგივრად სტუმრებს სეფისკვერებსა და ნაკურთხ წყალს მიუტანენ.

რეფორმის ფარგლებში იგეგმება ჩიპიანი პასპორტებისა და ID ბარათების გაუქმებაც და მათ ნაცვლად მოსახლეობას ბზის ხისგან დამზადებული საბუთები დაურიგდებათ, რომლებზეც პორტრეტებს პროფესიონალი ხატმწერები დაიტანენ.

არსებულ სერვისებს დაემატება რამდენიმე ისეთი მომსახურებაც, რომელიც ქართველ ერს და მართლმადიდებლურ ქვეყანას შეშვენის. სავარაუდოდ, შობის შემდეგ, თქვენ უკვე შეძლებთ ისარგებლოთ Thouch Bible-ით და თქვნთვის სასურველი ცოდვა-მადლი მოდერნიზებული ხერხით მოიძიოთ. ამავე დაწესებულებაში შესაძლებელი იქნება პროფესიონალ მარხვოლოგთან შეხვედრა და თქვენთვის შესაბამისი რაციონის შედგენა. მსურველები შეძლებენ ბერად ან მღვდლად აღკვეცას, მხოლოდ 5 წუთში. ხოლო JustDoIt-ის პროგრამის ფარგლებში მანქანიდან გადმოუსვლელად შეგეძლებათ, ჯვრის დაწერა, ბავშვის მონათვლა, ჯვრის აყრა, აღსარების ჩაბარება, შვიდგზის ზეთისცხება, ზიარება და სხვა უამრავი საიდუმლოს მიღება. თეა წულუკიანის განცხადებით ამ პროგრამას ბევრი პლუსი აქვს, მაგალითად ბავშვის ნათლობას უკვე დედაც შეიძლება დაესწროს, რადგან მანქანაში ჯდომით ის მადლს ვერ წაბილწავს. "ეს ნამდვილი პროგრესია" - აცხადებს მინისტრობის კანდიდატი.

ქონებისა და ბიზნესის რეგისტრაციის, საკადასტრო რუკისა თუ არქივის ამონაწიერის აღებისას, თქვენ ავტომატურად მოგემსახურებათ მობილური მღვდელი, რომელიც ამ ყველაფერს აკურთხებს.

სამომავლოდ იგეგმება, ექსპრეს-ეგზორციზმის, პარაკლისი-პანაშვიდის და სხვა საჭირო მომსახურებების დამატებაც.

თბილისის იუსტიციის სახლის გვერდით მდებარე "დედა ენის ბაღში" მოეწყობა სპეციალური ადგილი სადაც მომლოცველებს საკლავის დაკვლა შეეძლებათ, რომელსაც JustMadli-ს სერვისის საშუალებით პირდაპირ სასურველ წმინდანს ან ღმერთს შესწირავენ, რაც ანგელოზების მიერ ტრანსპორტირების ხარჯებს მნიშვნელოვნად შამცირებს. ამავე ბაღში გაშენდება ბზის პლანტაციებიც.

წულუკიანის ინიციატივით უკვე დამტკიცდა ბოლნისის იუსტიციის სახლის პროექტი, რომელსაც ბოლნური ჯვრის ფორმა ექნება.

ექსპერტი რელიგიურ საკითხებში მიშა თავხელიძე აცხადებს, "ღმერთს ებარებოდეთ!"

პ.ს. ესპერტის მიერ ნახსენები ფრაზა იუსტიციის სახლის ახალი სლოგანის ნაწილია "ებარეთ ღმერთს ერთ სივრცეში."

კომენტარები