მთავრობის ეკონომიკური გუნდი პატრიარქს ლარის დალოცვას სთხოვს

16,384 ნახვა 8 სგ
8 სგ

საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდი და პრემიერ მინისტრი ამჟამად საპატრიარქოში საგანგებო შეხვედრაზე იმყოფებიან. როგორც ჩვენი რელიგიური წყარო გვატყობინებს, კვირიკაშვილი, ქუმსიშვილი და გახარია პატრიარქს ლარის დალოცვას სთხოვენ, რათა მისი სწრაფი გაუფასურება როგორღაც შეჩერდეს.

"ჩვენ ვთხოვეთ უწმინდესს ილია მართალის სულს შესთხოვოს, რათა მანდ სხვა კუპიურების თუ არა 20 ლარიანების გაუფასურება მაინც შეაჩეროს", განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა და პირჯვარი 2.7-ჯერ გადაიწერა.

ჯერჯერობით უცნობია რა გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოს ეკლესია და შეეწევა თუ არა უფლის სიტყვა ქართულ ეკონომიკას. თუმცა, როგორც ჩიტმა კულუარებში გაარკვია იგეგმება ლარის მასობრივი კურთხევა.

"ჩვენ არ შეგვიძლია ლარის კურსის დაფიქსირება, მაგრამ ჰომ გაგიგიათ გამოთქმა: "პატრიარქი როგორც გადაწყვეტს"? ჰოდა, გვინდა, რომ პატრიარქმა გადაწყვიტოს რა იქნება ლარის კურსი, ილოცოს მისთვის და ეკონომიკაც დასტაბილურდეს", ამბობს გიორგი გახარია.

"ლარის მასობრივი კურთხევის ოპერაციისას საქართველოს მთელი ბიუჯეტი და ფინანსური რესურსი გადაერიცხება საპატრიარქოს, მათ ანგარიშზე გაჩერდება 7 დღის განმავლობაში და შემდეგ უკანვე გადმოირიცხება", გვაცნობა დიმიტრი ქუმსიშვილმა და მთელი ეს ოპერაცია ფერადი პრინტერით ამობეჭდილი ჩარტებით ძალიან წარმატებულად განგვიმარტა.

ამასობაში რომელიღაც მამაომ გასცა კურთხევა, რომ სხვადასხვა ფეისბუქ პეიჯებმა დადონ ლარის ფოტოები და წააწერონ: "თხოვნა იქნება გადააშეაროთ, შეეწიეთ პატარა ლარს" და სხვა მსგავსი აქტივობები განახორციელონ.

საპატრიარქოში შეხვედრების პარალელურად, დროს არ კარგავენ სხვა მინისტრები, სოფლის მეურნეობის მინისტრი ამჟამად ცხვრებისა და სხვა საკლავის შეგროვებაზე მუშაობს, რათა ყველა მათგანი საპატრიარქოს კუთვნილ მიწებზე გაუშვან და ლარის კეთილდღეობას შესწირონ.

კომენტარები