პატრიოტთა ალიანსის წევრები პარლამენტში შესასვლელად ტურნიკეტს გადაახტნენ

6,124 ნახვა 4 სგ
4 სგ

დღეს დილით ქუთაისში ჩასული და საქართველოს პარლამენტში მისული პატრიოტთა ალიანსის წევრები შენობაში შესვლას ვერ ახერხებდნენ, რადგან, როგორც აღმოჩნდა, საშვების ასაღებად, ახლად არჩეულ დეპუტატებს, ID ბარათები უნდა წარმოედგინათ.

მოგეხსენებათ, აღნიშნული ტიპის პირადობის დამადასტურებელ მოწმობას ჩიპი უდევს და ზედ 666 აწერია, ამიტომ ირმა ინაშვილი და მისი პარტიის წევრები სასტიკად ეწინააღმდეგებიან მის არათუ აღებას, არამედ არსებობასაც კი.

დილემის წინაშე დამდგარმა დეპუტატებმა ტელეკომპანია "დროს" ეთერში გასული დისკუსია გაიხსენეს და გადაწყვიტეს, რომ რომელიმე მათგანს დანარჩენი ხუთის ცოდვა თავის თავზე აეღო, წასულიყვნენ იუსტიციის სახლში და აეღოთ ID ბარათები. თუმცა ამ გეგმის განხორციელება ვერ შეძლეს, რადგან ასეთი მასშტაბის სულიერი ტვირთის წამოკიდება ვერც ერთმა მათგანმა ვერ გაბედა.

დიდხნიანი ბჭობისა და ერთი ადგილის ტკეპნის შემდეგ ინიციატივა თავის ხელში კვლავ ირმა ინაშვილმა აიღო. კარგად ილოცა, იქვე პარლამენტის გახსნაზე მოსულ მღვდლებთან ეზიარა და წავიდა.

როგორც თვითმხილველები ამბობენ, ინაშვილი დემონსტრაციულად გადაახტა პარლამენტის შენობის შესასვლელში დამონტაჟებულ ტურნიკეტს. სამშვიდობოზე გადასვლის შემდეგ მან თავის თანაგუნდელებს უხმო. ხოლო მის დასაკავებლად და შესაჩერებლად მისულ დაცვას განუცხადა, რომ ყველა მათგანის გვარს და სახელს ჩაიწერდა და თავ-ბედს აწყევლინებდა.

პატრიოტები, კოლექტიური ხტომის შედეგად, პარლამენტის დარბაზში შევიდნენ.

პარლამენტში შესვლაზე პრობლემა შეექმნა სხვა პარტიასაც.

ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ნაციონალური მოძრაობის წევრები ერთმანეთს არ ატარებდნენ.

კომენტარები