ექსკლუზივი: სოფო ბედიას ქმარს სძინავს

9,127 ნახვა 1 სგ
1 სგ

ჩიტისთვის ექსკლუზიური ინფორმაცია გახდა ხელმისაწვდომი. 

როგორც ჩვენმა ელიტურმა წყარომ გვაცნობა, სოფო ბედიას ქმარს უკვე ნახევარი საათია სძინავს და გაღვიძებას კიდევ მინიმუმ 30 წუთი არ აპირებს. შემთხვევის ადგილიდან გვატყობინებენ, რომ სოფო ბედიას ქმარს უდრტვინველად სძინავს და მხოლოდ რამდენიმე წუთში ერთხელ მსუბუქად ფშვინავს, პირს აწკლაპუნებს და მარჯვენა ფეხით  - მარცხენას იფხანს.

მძინარე მამაკაცს ტანზე არაფერი აქვს გადაფარებული, მაგრამ ჩვენი თერმული ექსპერტები გვამცნობენ, რომ მას გაცივება არ ემუქრება:

"ახლა აგვისტოა, ცხელა და რაც უფრო ნაკლებს გადაიფარებთ, მით უკეთესი იქნება თქვენი ჯანმრთელობისთვის. აშკარაა, რომ სოფო ბედიას ქმარმა კარგად იცის თავის საქმე და საზაფხულო ძილის ტექნიკაში განსაწავლულია. სხვა, მის ადგილზე, აუცილებლად დაუშვებდა შეცდომას და პლედს ან პირსახოცის ფაქტურის გადასაფარებელს გადაიფარებდა, რაც იწვევს ჩახარშვის ეფექტს", განაცხადა თერმო და ურთიერთობების დათბობის ექსპერტმა, მიხეილ ხუბუტიამ.

თვითმხილველების თქმით, სოფო ბედიას პირიღიას სძინავს, რაც წარმოშობს დორბლის გადმოდინების და ფშვინვის ხვრინვაში გადასვლის საშიშროებას. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ძილის აღნიშნული სტილი სოფო ბედიას ქმრის არჩევანი არ არის - მამაკაცი პოლიპებით იტანჯება და ცხვირით სუნთქვა უჭირს.

მისი ჯანმრთელობა არ აწუხებს მძინარეს სიდედრს, რომელსაც ძალიან აინტერესებს, რატომ აქვს მის სიძეს შუა დღის ძილის დრო. 

"ძალიან დაღლილია ალბათ, ვაჟბატონი!" აცხადებს ქალბატონი სოფო ბედიას დედა.

ოჯახურ დრამაში არ ერთვება სოფო ბედიას ძმა, "ბალადა ო სოლდატესა" და "ხრუსტალნი აისტის" ფესტივალების გამარჯვებული ბორის ბედია, რომლის მუსიკალური კარიერაც იმდენად არააქტუალური გახდა, რომ ყვითელ პრესაში მისი დის ქმრის შესახებ ნიუსები უფრო მეტია, ვიდრე მის შესახებ ცნობები.

ჯერჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია, თუ როდის გაიღვიძებს ბედიას ქმარი, ჩვენი კორესპონდენტი ადგილზეა და მომხდარის შესახებ უახლეს ცნობებს გვაწვდის.

კომენტარები