ჰეშთეგ #NBAVote Zaza Pachulia-ს გაყალბების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

12,593 ნახვა 6 სგ
6 სგ

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული შოთა ჩ. და 1992 წელს დაბადებული ვასო ჯ. "ყველა ვარსკვლავის მატჩის" არჩევნების გაყალბების ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები 2015 წლის დეკემბრიდან 2016 წლის იანვრამდე სხვისი ფეისბუქის ექაუნთების მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების მიზნით, კომპიუტერული ტექნოლოგიების დახმარებით, თაღლითურად ავრცელებდნენ სხვადასხვა სახის სპამს, ითვისებდნენ ფეისბუქის ანგარიშებს და პაროლებს, ხოლო ამის შემდეგ ხელოვნურად ზრდიდნენ ზაზა ფაჩულიას შანსებს "ყველა ვარსკვლავის მატჩში" სათამაშოდ და, ყოველ 24 საათში ერთხელ, უკანონოდ აძლევდნენ დიდი ოდენობით ხმას ჰეშთეგ #NBAVote ZaZa Pachulia-ს მეშვეობით. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებით შოთა ჩ. და ვასო ჯ. თაღლითურად დაეუფლნენ 3000-მდე ფეისბუქის ანგარიშს, და გააყალბეს დაახლოებით 25 000-მდე ხმა.

სამართალდამცველებმა მათი საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად კომპიუტერული ტექნიკა, მეხსიერების ბარათები და მობილურები ამოიღეს.

გამოძიება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, კომპიუტერული მონაცემის უნებართვო შეცვლის და თაღლითობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 286-ე მუხლის 1-ლი, 180-ე მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-3 ნაწილებით).

კომენტარები