შენობების სიმაღლეზე შეზღუდვები წესდება

5,065 ნახვა 0 სგ
0 სგ

დღეს, 15:00 საათზე გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და ქალაქის არქიტექტურის სამსახურის უფროსმა თბილისის განაშენიანების სპეციალური გეგმა წარმოადგინეს. ახალი ინიციატივით, იკრძალება სამების ტაძარზე მაღალი ნაგებობების აშენება. ახალი გეგმის თანახმად, შენობების მაქსიმალური სიმაღლე 66 მეტრს არ უნდა აღწევდეს, ხოლო სართულთა რაოდენობა 5-ს არ უნდა აჭარბებდეს. "ამხელა ეკლესიებს გიჟები კი არ ვიყავით, რომ ვაშენებდით. ეს საჭირო იყო იმისთვის, ყველა გამვლელს შეძლებოდა შორიდანაც ელოცა და შეეთხოვა ღმერთისთვის შეწევნა. ამ გახშირებული მაღალსართულიანი ნაგებობების მშენებლობები კი ჩრდილავენ ამ მიზანს და ხალხი უკვე იძულებულია ეკლესიებში იარონ. სწორედ ეს ქმნის საცობს ქუჩებში და არა გაუმართავი გზები" - განაცხადა ქალაქის მერმა.

ინიციატივას იწონებენ საპატრიარქოში და სრულ მხარდაჭერას უცხადებენ იდეას. მხარდაჭერის ნიშნად, პარამეტრების დარღვევის შემთხვევაში, ნორმის ზემოთ მდებარე მეტრაჟი ეშმაკისეულად გამოცხადდება, ასევე ეშმაკისეულად შეირაცხება მეექვსე და მომდევნო სართულები. "როგორც 66 მეტრზე, ასევე მე-6 სართულზე არჩევანი შემთხვევით არ შეჩერებულა. მათ, ვისაც არ უნდა რომ ეშმაკთან იყოს თანაზიარებაში, მოვითხოვთ დაცალოს ნორმებს გადაცილებული ფართი და მოანგრიოს სპეციალურმა ორგანოებმა. უკიდურეს შემთხვევაში, თუ ნაგებობის იერსახის შენარჩუნება იქნება აუცილებელი, სათანადო ლოცვა-კურთხევის შემდეგ, მზად ვართ გავიღოთ მსხვერპლი და მივიღოთ ეშმაკისეული ფართი შემოწირულობად."

ფაქტს გამოეხმაურა ლევან ვასაძე. "მე ევროპაში და დასავლეთში გასული კაცი ვარ. განაშენიანების მსგავსი გეგმა არსებობს ვაშინგტონშიც, მართალია იქ ეშმაკისეული თეთრი სახლია სიმაღლის ეტალონი, თუმცა თუ მას ჩვენ წმინდა მიზნით ჩავანაცვლებთ, ბრწყინვალე იდეას მივიღებთ".

ინიციატივის ერთ-ერთმა მხარდამჭერმა, საკრებულოს წევრმა ჯაბა სამუშიამ ამასთან დაკავშირებით განაცხადა, "მე ამ წინადადებას სრულიად ვუჭერ მხარს. გარდა ამ წმინდა მიზნისა, მე სხვაგვარი ინტერესიც მაქვს. კერძოდ - წინა თვეში შეძენილი ჩემი სამივე ბინა სწორედ მეხუთე სართულზე მდებარეობს. სამივე ზემო მეზობელი ზედმეტად აბეზარი ხალხია. იდეის ხორცშესხმის შემთხვევაში კი ეს პრობლემა მომეხსნება. ბოლო-ბოლო წყალს მაინც არავინ ჩამომიშვებს ზემოდან".

სამშენებლო კომპანიები: "არდი" და "ცენტრ პოინტი ჯგუფი" სწორედ ამ მიზეზს აცხადებენ გაჩერებული მშენებლობების ფარულ მიზნებად და უარს აცხადებენ ნაგებობების დამთავრებაზე. "რაც ზედმეტია, იმასაც მოვანგრევთ" - ამ კომენტარით შემოიფარგლნენ კომპანიების წარმომადგენლები ჩიტის კორესპონდენტის კითხვაზე.

ინიციატივა დასამტკიცებლად საკრებულოში სავარაუდოდ 6 აპრილის საგანგებო სხდომაზე შევა.

კომენტარები