გურჯაანი - 2015 წლის 9 თებერვალს გავრცელებულმა ვიდეომ, რომელშიც გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები პრემიების შესახებ მსჯელობენ, საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. ვიდეოში ერთ-ერთი დეპუტატი კოლეგებს კამათის შეწყვეტისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული სახელფასო დანამატები პატრიარქის მიერაა ნაკურთი და შესაბამისად არ შეიძლება, რომ თანხების გაცემა არასწორად ჩაითვალოს.
საზოგადოების აღშფოთებას არამოტივირებულს უწოდებს მართლმადიდებლ ეკონომისტთა კავშირი "30 ვერცხლის" თავმჯდომარე იუზა სერპენტაშვილი. ორგანიზაციამ დღეს დილას გამოაქვეყნა დასკვნა, რომლის მიხედვითაც აღნიშნული ფულადი პრემიების კახეთის ეკონომიკაში ჩაშვება რეგიონს საგრძნობლად წაადგა და გურჯაანის რაიონში დოლარის კურსი 1.75-ზეც კი ჩამოვიდა.
დასკვნაში ნათქვიამია, რომ პრემიების კურთხევამ დეპუტატებს ერთგვარი ვალდებულება დაადო, რომ ფული მხოლოდ და მხოლოდ ადგილობრივი წარმოების პროდუქტში დაეხარჯათ, რის შედეგადაც რეგიონში ეკონომიკურმა ბრუნვამ საგრძნობლად აიწია და ლარის მსყიდველუნარიანობა გაამყარა.
"ეს ფული რომ ნაკურთხი არ ყოფილიყო ან დაერიგებინათ სოციალურად დაუცველთათვის, მოხდებოდა მისი უაზროდ გაფლანგვა. მაგალითად, ხალხი წავიდოდა თბილისში, იქ ლილოში იყიდინენ ჩინურ და არაბულ ნაწარმს და ეს ფული რეალურად იმპორტირებულ საქონელში დაიხარჯებოდა. რაც თავისთავად გამოიწვევდა ფულის საქართველოდან გადინებას." აცხადებს სერპენტაშვილი. მისივე თქმით, თანხები სოციალურად დაუცველებს მაინც მიუვათ.
"ეს ფული, რაც ამ ხალხმა დახარჯა ხო დაიბეგრა, კაცო? ჰოდა, ისევ ბიუჯეტში ჰო შევა? ჰოდა, მერე მომავალ წელსაც კიდევ 10 000 ლარს გამოყოფენ და გამოვა, რომ უკვე 20 000 ლარი გაიღეს დასახმარებლად. ეს არის ძალა ქრისიანული ეკონომიკისა. მე არ შემეშინდება და სოციალურად დაუცველთა დახმარებისათვის გამოყოფილი თანხის გაორმაგების ამ ხერხს შევადარებ ხუთი პურისა და ორი თევზის სასწაულს." დასძინა სერპენტაშვილმა.
როგორც ჩიტისთვის გახდა ცნობილი, "30 ვერცხლის" წარმომადგენლები რამდენიმე დღეში ეკონომიკისა და ფინანსთან მინისტრებს შეხვებიან და წარუდგენენ სამოქმედო გეგმას, რის შედეგადაც ქვეყნის ეკონომიკა აღდგომის მარხვის დაწყებამდე აღსდგება.