მთავრობა გამოუყენებელი საშვილოსნოს მფლობელებს დააჯარიმებს

161,956 ნახვა 11 სგ
11 სგ

ეკონომიკის და დემოგრაფიული კეთილდღეობის სამინისტროს პარლამენტში ახალი კანონპროექტი შეაქვს, რომლის მიხედვითაც ყველა სრულწლოვანი მოქალაქე, რომელსაც საშვილოსნო გააჩნია და აღნიშნულ ორგანოს 25 წლამდე სრულად, ხოლო 19 წლამდე ნაწილობრივ მაინც არ დაამუშავებს, ანუ არ გამოიყენებს - დაჯარიმდება.

კანონპროექტში დეტალურად არის გაწერილი რა შემთხვევაში ამოქმედდება ან არ ამოქმედდება სანქციები საკვერცხეების მეპატრონეებისათვის.

"ჩვენი ინიციატივის მიხედვით, საშვილოსნოს გამოყენებად ჩაითვლება ამ ორგანოს განაყოფიერება, ან განაყოფიერების მცდელობა, ეს უკანასკნელი ქმედება კი კვარტალში მინიმუმ ერთხელ" - განმარტავს გიორგი კვირიკაშვილი. 

"ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს კანონპროექტი წაახალისებს ქვეყანაში დემოგრაფიულ მდგომარეობას, ხოლო იმ შემთხვევაში თუ არ წაახალისებს და ქართველ ხალხს შვილის გაჩენას ჯარიმის გადახდა ურჩევნია - მაშინ ბიუჯეტს მაინც შევავსებთ, ანუ ამ კანონპროექტს მივესალმები ორმაგად" - აღნიშნავს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, დავით საგანელიძე ჩვენთან საუბარში.

ეკონომიკის სამინისტროს ამ ინიციატივას უკვე გამოუჩნდნენ მოწინააღმდეგეებიც, საზოგადოებრივი მოძრაობის "ჩვენი საკვერცხეები ჩვენი საქმეა"-ს ორგანიზებით ხვალ, ყოფილი პარლამენტის წინ მასშტაბური პერფორმანსაქცია იგეგმება, სადაც საშვილოსნოს ოცდაათამდე მეპატრონე შეიკრიბება და პროტესტის ნიშნად სიმბოლურად ამოიჩეხავს ამ ორგანოს.

მთავრობის კანონპროექტს არ დაუჭერს მხარს ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც, საპარლამენტო ოპოზიციის მთავარი ეკონომიკური ბურჯის, ზურა ჯაფარიძის თქმით, ქვეყანას ახლა ისე, როგორც არასდროს, სჭირდება სპერმის ბანკები, და საქართველოს აქვს იმის პოტენციალი გახდეს სპერმის უმსხვილესი ექსპორტიორი ქვეყანა. ჯაფარიძემ ასევე აღნიშნა, რომ სპერმის ბანკების კანონპროექტი მას უკვე დიდი ხანია მზად აქვს და არ ესმის რატომ ჭიანურდება მისი განხილვა.

საკვერცხეების კანონპროექტს მხარს უჭერს საქართველოს საპატრიარქოც, რამდენიმე შენიშვნით: საპატრიარქო მოითხოვს ასაკის ქვედა ზღვარის დაწევას ეთნიკურად ქართველებისთვის, რათა ქართველი ერი უფრო სწრაფად გამრავლდეს, საშვილოსნოს მფლობელების სანქცირება უნდა დაიწყოს არა 19, არამედ 17 წლიდან.

"რაც შეეხება დაოჯახებას, ჩვენ მოვითხოვთ ეს საკითხი მკაცრად იყოს გამიჯნული კანონში, და დაოჯახების გარეშე დამუშავებული საშვილოსნოს მფლობელებიც ისევე დაჯარიმდნენ როგორც სხვები. სუროგაციაზე რა გითხრათ აბა, ამაზე ისევ იმ აზრზე ვართ რაზეც ვიყავით ორი წლის წინ, ანუ ეგ საერთოდ არა" - განმარტა საპატრიარქოს მდივანმა მამა მიქაელ ბოტკოველმა ჩვენთან პრივატულ საუბარში.

კანონპროექტი პარლამენტში პირველ თებერვალს შევა, მანამდე ეკონომიკის და დემოგრაფიული კეთილდღეობის სამინისტროს უკვე დაწყებული აქვს ქვეყნის მასშტაბით საშვილოსნოების აღრიცხვა.

კომენტარები