მედრესეზე გოჭის თავის ამჭედებელი ქალბატონი "შარლი ებდოს" გმობს

8,454 ნახვა 0 სგ
0 სგ

ქობულეთი - ქობულეთელი სკოლის მასწავლებელი, რომელმაც გასულ წელს სოფელში მდებარე მედრესეს კარზე გოჭის თავი ააჭედა და მუსლიმთა სასწავლებელი წაბილწა, პარიზში მომხდარ ტერაქტს ეხმაურება. ქალბატონის თქმით, მიუღებელია სხვა ადამიანების რწმენის დაცინვა და მათი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა. 

"ერთია, როცა ამ რწმენას ბილწავ და თანაც კულინარიული მიზნებით და მეორე როცა კარიკატურას ხატავ და სხვა ადამიანებს ნერვებს უშლი." - დასძინა მან. ქალბატონისვე თქმით, კარგი იქნებოდა "შარლი ებდოს" მესვეურებს საფრანგეთში არსებული მედრესეები დაევლოთ და იქ აეჭედებინათ ღორის თავები, ამით თავსაც გადაირჩენდნენ და არც მუსლიმთა რელიგიურ გრძნობებს შეურაცხყოფდნენ. 

ქალბატონის მოსაზრებას ეთანხმება ირმა ინაშვილიც. ჟურნალისტისა და აწ უკვე პოლიტიკოსის თქმით, ის ვერ იზიარებს #JeSuisCharlie-ს მოძრაობის სულისკვეთებას, რადგან "შრლი ებდო" მისგან და მისი თანამოაზრეებისგან ძალიან შორს დგას. 

"მე არ მესმის რატომ უნდა მოაწყო პროვოკაციები კარიკატურებით, როცა არსებობს გაცილებით უფრო ცივილიზებული მეთოდები. ჩამობრძანებულიყვნენ ჩვენთან ეს ვაჟბატონები და მიენგრ-მოენგრიათ მინარეთები, ბათუმში გამართულ აქციებზე ეძახათ თურქებისთვის ქსენოფობიური და ანტიმუსლიმური ლოზუნგები, დაეჩაგრათ ქართველი მუსლიმები ან ბოლოს და ბოლოს რეზო ამაშუკელთან ერთად ასავალ-დასავალში სტატიები  სომხების წინააღმდეგ ეწერათ, რა პრობლემაა? მაგრამ არა! მაინც და მაინც იუმორით უნდა მოუშალონ ადამიანებს ნერვები." 

კარიკატურისტების წინააღმდეგ ჩატარებულ ტერორისტულ აქტს შეფასება მისცა საქართველოს უშიშროების ყოფილმა მინისტრმა ვალერი ხაბუძანიამაც. პრო-რუსული ორიენტაციის მქონე პოლიტიკოსმა "შარლი ებდოს" და სხვა იუმორისტებს დიდი ვლადიმერ პუტინისთვის მიბაძვა ურჩია. "მე არ ვარ შარლი ებდო!" წერს ხაბურძანია თავის ფეისბუქ გვერდზე, "მიბაძეთ ვლადიმერ ვლადიმეროვიჩს. მას შეეძლო ჩეჩნების შესახებ კარიკატურების დახატვა დაევალებინა რუსი არტისტებისთვის, მაგრამ არ ქნა ეს, რადგან შეგნებული ადამიანია და სწორედ ამიტომ დახოცა 300 000 ადამიანი ჩეჩნეთის ომში. გიჟი კი არაა ეგ კაცი?"

ექსტრემისტი ისლამისტების რელიგიური გრძნობების დასაცავად სამშვიდობო აქციის გამართვას აპირებს ახალგაზრდული ორგანიზაცია: "დააბრუნეთ გათათრებული ქართველები უკან ფერეიდანში!" 

კომენტარები