სელფების სახალხო პროექტი თბილისში

13,040 ნახვა 1 სგ
1 სგ

თბილისი - დავით ნარმანია მერის უფლებამოსილების ამოქმედების შემდეგ თბილისში მილიონი სარკის დადგმას გეგმავს.  

მერიის კულტურის სამსახურის ხელმძღვანელი განცხადებით, პროექტის ფარგლებში ქალაქის ყველა ლიფტში და სხვა ადგილებში, სადაც მოქალაქეებს 2 წუთზე მეტხანს უწევთ უსაქმოდ გაჩერება, მაგალითად ავტობუსის გაჩერებებზე, ფეიბოქსის რიგში, შუქნიშნებთან და ა.შ. - დამონტაჟდება გრძივი სარკეები. ამ ინიციატივით მერია უზრუნველყოფს, რომ მოსახლეობის სელფ-შოტებით გატაცებულ ნაწილს სრული მხარდაჭერა ჰქონდეს და კარგ სასელფე ადგილებში უსარკოდ აღმოჩენისას დისკომფორტი არ შეექმნას.

წინასწარმა კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ სარკის გარეშე, მეორადი კამერით გადაღებული სელფები იმდენ ლაიქს ვერ აგროვებს.

მოწვეული ინჟინრების ფიქრით, სარკეები ტრილიაჟის სტილის უნდა იყოს, რათა ადამიანს საშუალება მიეცეს, ყველა რაკურსით გადაიღოს სელფ-შოტი. აღნიშნული პარამეტრი განსაკუთრებით დაეხმარებათ გამოკვეთილი უკანალის მქონე გოგონებს, რომლებიც ძალიან წვალობენ ერთსეგმენტიან სარკეში ისე შემოტრიალდნენ, რომ უკანალის პროფილი ეფექტურად აისახოს ფოტოზე. 

საყოველთაო პრობლემა, რომელიც ჯერ მსოფლიო მასშტაბით არ გადაჭრილა, არის სელფის გადაღებისას ავტორის დაძაბული, ღილაკზე ხელის კანკალის გარეშე დაჭერისთვის კონცენტრირებული ქვემოთ მიშტერებული მზერა, რის მოგვარებასაც თბილისის მერია ტრილიაჟის სარეკეების თავზე დამხმარე, ქირურგიული სარკეების დაყენებით აპირებს. ამ გზით სელფის ავტორი ზედა სარკიდან ეცდება ღილაკზე თითის დაჭერის აქტის კონტროლს და შეეცდება მაინც მზერა ოდნავ მაღლა მიმართოს, რომ თვალებიც გამოუჩნდეს. ამ სტრესის მოხსნის გზებზე მერია ფსიქოლოგებთან ერთად მუშაობდა.

აღნიშნული პროექტი პრობლემატური ეჩვენებათ ცრურწმენებით შეპყრობილ ადამიანებს, რომლთა აზრითაც, თბილისში მიცვალების გასვენება შეუძლებელი გახდება. "ვინ ჩამოაფარებს ამ სარკეებს ნაჭრებს? ალბათ მაგისთვისაც ტენდერი უნდა გამოაცხადონ მერე და ფულის გათეთრების ახალი ხერხი აამუშაონ." დასძინეს ცრურმენით შეპყრობილმა ადამიანებმა. 

კომენტარები