ირაკლი ღარიბაშვილი ტატუ-სალონის გახსნას დაესწრო

15,707 ნახვა 11 სგ
11 სგ

ლაგოდეხი - საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ახალი საწარმო გახსნა. იაფი კრედიტების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ლაგოდეხის რაიონში ტატუ სალონი გაიხსნა, რომელიც სოფლის მეურნეობას ააღორძინებს. როგორც სალონის მფლობელი ემზარ ლურსმანაშვილი აცხადებს ტატუს საღებავები მხოლოდ ორგანული მასალისგან კეთდება. "ჩვენ ჩავიბარებთ სხვადასხვა ხილსა და ბოტნეულს, რომელსაც გადავამუშავებთ და მივიღებთ ნატურალურ ფერებს ჩვენი ტატუებისთვის." - დასძინა მან. 

სალონში ტატუს გაკეთების სურვილი გახსნისთანავე გამოთქვა ერთ-ერთმა დამსწრე ახალგაზრდამ, რომელმაც თავისი ცოლის სახელის ამოსვირინგება გადაწყვიტა. ტატუს გაკეთების პროცესმა იქვე მდგარი ირაკლი ღარიბაშვილის ყურადღება მიიქცია, რომელიც თვითმხილველთა თქმით, რამდენიმე წამის განმავლობაში ცქმუტავდა, ბოლოს კი ტატუს ხელოსანს მივარდა, ხელიდან "სტანოკი" გამოგლიჯა და პირველ კლიენტს მკლავზე ხელი მოაწერა. 

როგორც ჩიტს შემთხვევის ადგილიდან აცნობეს, ღარიბაშვილი მხოლოდ ამით არ დაკმაყოფილდა და იქვე მდგარ რამდენიმე ადამიანსაც დაუპირა ხელმოწერა. თუმცა, მოქალაქეები ღარიბაშვილის აპარატისა და პიარის გამჭრიახმა თანამშრომელმა ბექა მჭედლიშვილმა გადაარჩინა, რომელმაც პრემიერს უმალ მიაწოდა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების 120 გვერდიანი დასტა, რის შემდეგაც ღარიბაშვილი იატაკზე წამოწვა და გულმოდგინედ შეუდგა ხელშეკრულებაზე ხელმოწერას, თან "Viva Academia"-ს ღიღინებდა. 

მჭედლიშვილის განცხადებით, ასეთი ინციდენტები ხშირად ხდება და ამიტომ მას მუდმივად თან აქვს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ახალ-ახალი ვარიანტები. "ეს ნამდვილი ხელშეკრულება არ არის." განუცხადა მან ჩიტს. "120-130 გვერდს ვბეჭდავ ხოლმე სხვადასხვა ივენთების წინ და ყველ გვერდზე დიდად წერია 'ევროკაცშირთან ასოცირების ხელშეკრულება.' ჯერ-ჯერობით ტყუვდება და რავი, მერე რა იქნება არ ვიცი." 

კომენტარები