მთავრობამ 2014 წელი ტრადიციის წლად გამოაცხადა

4,737 ნახვა 0 სგ
0 სგ

თბილისი - საქართველოში ღირსებააღმდგენითი სამუშაოების მიმდინარეობასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობამ 2014 წელი ტრადიციის წლად გამოაცხადა და ამის აღსანიშნავად მთელი რიგი ღონისძიებები დაგეგმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქალაქ თბილისის პოლიციის განვითარებში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის თბილისის პოლიციის ყოფილი უფროსი, თავად ყოფილი პოლიციელი სოსო ალავიძე დააჯილდოვა. ამით დღევანდელმა სამინისტრომ ხაზი გაუსვა იმ ტრადიციას, რომლის გამგრძელებლადაც ის საკუთარ თავს მიიჩნევს.

ამავდროულად, კულტურის სამინისტრომ გამოაცხადა კონკურსი გაიშნიკის ძეგლის შექმნასთან დაკავშირებით. ცნობილია, რომ კონკურსში მონაწილეებას იღებს ცნობილი ქართველი მოქანდაკე ზურაბ წერეთელი და ჩიტას საპატიმროს ტუსაღი ვალერი სოკოლოვი, რომელსაც უკვე აქვს დამზადებული ჩიტას მთავარი ბადრაგის ძეგლი და სწორედ აღნიშნული ძეგლის შაბლონის მიხედვით გეგმავს ქართველი გაიშნიკის ძეგლის შექმნასაც. წინასწარი ინფორმაციით, სამინისტროში აღნიშნული პროექტი მოწონებულ იქნა. “სწორედ მსგავსი ტრადიციების დამკვიდრებაა პრიორიტეტული და არა ისეთი დრომოჭმული ტრადიციებისა თუ ძეგლების დაცვა, როგორიც რაღაც მაღარ-შმაღაროებია” - განაცხადეს სამინისტროში.

ტრადიციის წელთან დაკავშირებით განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სკოლებში ახალ საგნად “ქურდი ზონაში” დაამტკიცა. ხოლო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის დამზადდა სპეციალური ჩათვლის წიგნაკები, რომელთაც შიდა გვერდზე სპეციალური სათავსო აქვს სპეციალურად ბანკნოტების მოსათავსებლად.

ამას გარდა, მთავრობასთან არსებულმა არაფორმალურმა სამართალაღმდგენელობითმა ჯგუფმა “თბილისი-ყავა-მამა ან ბაბუა მყავდა ცნობილი” აგრეთვე წარმატებით შეძლო ვაკისა და ვერის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე კაფეს დაპყრობა/გათავისუფლება. ჯგუფის წევრთა განცხადებით, ბოლო წლებში კაფეებში სიარულს მოუხშირეს "შკოლნიებმა," რამაც ძალზედ შეავიწროვა უმნიშვნელოვანესი ტრადიცია - გაჩხერილ მდგომარეობაში გაკიმარებდეს კაფეში.

რიგითმა მოქალაქეებმა უკვე შეადარეს “თბილისი-ყავა-მამა ან ბაბუა მყავდა ცნობილი”-ს მიერ კაფეთა გათავისუფლება ბახტრიონის აჯანყების დროს ბახტრიონის ციხის გათავისუფლებას ყიზილბაშთაგან. “ასეთი ვაჟკაცობა, მიხვიდე და ჩაი შეასხა უნივერსიტეტის პროფესორებს, თავისი მასშტაბითა და სიდიადით სწორედაც რომ დგას ბაში-აჩუკის, ბიძინა და შალვა ალაზნისპირელების, გაიოზ ჭყონდიდელისა თუ თენგიზ კიტოვანის გმირობების გვერდით”.

მთავრობა განაგრძობს სხვადასხვა ტრადიციების აღდგენასა და მათთვის პატივის მიგებას. 2014 წლის, როგორც ტრადიციის წლის სლოგანად გამოაცხადა წინადადება: “იცოდე საიდან მოდიხარ, ბიჭო, შენ რო მოდიოდი ჩვენ მივდიოდით.”

კომენტარები