ტაქსის მძღოლები ხურდის უქონლობის გამო დაჯარიმდებიან

8,057 ნახვა 2 სგ
2 სგ

თბილისი - საქართველოს შინაგან საქმეთა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროები ახალი ინიციატივით გამოდიან. უწყებათა შორის გაფორმებული მემორანდუმის მიხედვით, თბილისში მოძრავი ყველა ტაქსის მძღოლი ხურდის უქონლობის გამო დაჯარიმდება. როგორც უწყებათაშორის კომისიაზე აღნიშნეს, ტაქსის მძღოლების მიერ მოქალაქეთათვის დისკომფორტის შექმნა უკვე ზღვარს გადავიდა და საჭიროა შესაბამისი უწყებების საკანონმდებლო დონეზე ჩარევა. 

"ქართულ ეკონომიკას ძალიან დიდი ზიანი ადგება, როცა ადამიანებს  სამსახურებში იმის გამო აგვიანდებათ, რომ უწევთ მაღაზიიდან მაღაზიაში სირბილი  ფულის დასახურდავებლად. ასევე თვითონ მაღაზიებიც ზარალდებიან, რადგან როდესაც ისინი ვინმეს დიდ კუპიურას უხურდავებენ პროდუქციის გაყიდვის გარეშე, რაღაცის ყიდვის მიზნით შესულ მომხმარებელს ვეღარ ემსახურებიან, რაც იწვევს ამ კლიენტის სხვა მაღაზიაში გადასვლას. ტაქსის მძღოლების უპასუხისმგებლო დამოკიდებულება არღვევს ქვეყანაში არსებულ ჯანსაღი კონკურენციის სივრცეს." დასძინა გიორგი კვირიკაშვილმა. 

ნორმატიული აქტი, რომელიც ტაქსის მძღოლებს სამუშაოდ გამოსვლამდე დიდი ოდენობით ხურდისა და წვრილი ფულის მომარაგებას დაავალდებულებს, მოქმედებაში ხვალიდან, 2014 წლის 21 მაისიდან შევა.

კანონის ამოქმედების შემდეგ, აქტიურად იმუშავებს ცხელი ხაზიც, რომელიც მომხმარებელს სიტუაციის მოგვარებაში დაეხმარება. ცხელი ხაზის ტექნიკურ გამართვამდე აღნიშნულ სერვისს უზრუნველჰყოფს ნომერ 032 126 - რომელიც შსს გენ. ინსპექციის ცხელი ხაზიცაა. მოქალაქეებმა ნომერზე იმ შემთხვევაში უნდა დარეკონ თუ მათ ტაქსის მძღოლს ხურდა არ ექნება და ან დასახურდავებლად სირბილს ან უტიფრად ყურებას დაიწყებს, იმ მიზნით, რომ 1 ლარის გულისთვის 5 ლარიანი დაუტოვოთ და 4 ლარის ნაცვლად სწორედ ეს თანხა შეიტყაპუნოს. 

032 126-ზე დარეკვის შემდეგ, მოქალაქემ უნდა განაცხადოს პრობლემის შესახებ, ოპერატორს ტაქსის სერიული ნომრები და ავტომანქანის მარკა ჩააწერინოს, რის შემდეგაც მას უფლება ექნება მძღოლს ფული საერთოდ არ გადაუხადოს. 

გარდა მოქალაქეთა საჩივრებისა, შსს ეცდება დამრღვევები ოპერატიული-სამძებრო ღონისძიებების საშუალებითაც გამოავლინოს. როგორც ჩიტისთვის გახდა ცნობილი, შსს-ს სპეციალური ჯგუფები თბილისში შემთხვევითობის პრინციპით გააჩერებენ სხვადასხვა ტაქსებს, 3-4 ლარიან მანძილებზე წაიყვანენ და ადგილზე მისვლის შემდეგ 5, 10 და 20 ლარიანებს გაუწვდიან. იმ შემთხვევაში თუ მძღოლი ხურდის დაბრუნებას ვერ შეძლებს, ის ხურდაში დასაბრუნებელი თანხის ათმაგი ოდენობით დაჯარიმდება.   

 

კომენტარები