ჩიტის უახლესმა სტატიამ არცერთი სოციალური ჯგუფი არ გაანაწყენა

2,835 ნახვა 1 სგ
1 სგ

თბილისი - სრული სიმშვიდით შეხვდა საქართველოს ყველა სოციალური ჯგუფი ჩიტის უახლეს სტატიას.

პირველად ჩიტის ისტორიაში, ფეისბუქზე დაშეარებულ სტატიას აბსოლიტურად არავის დედის გინება არ მოყვა. “საწყენი რა იყო ამაში, გენაცვალე.. არაფერი, პირიქით, ცოტათი გავხალისდი კიდეც”, ამჯერად ტკბილად გამოეხმაურა თბილისელი ნუგო ბაბუ ჩიტის ბოლო სტატიას და დომინოს თამაში გააგრძელა. ნუგო ბაბუს, ან როგორც ორგანიზაცია იდენტობა მოიხსენიებს, "ჰომოფობ ნუგზარას", არც ერთი მიზეზი არ მიეცა ჰომოსექსუალობის პროპაგანდის გამო ჩიტის გასალანძღად.

ასეთივე სიმშვიდით შეეგებნენ სტატიას ქართული ოცნების მხარდამჭერები, თუმცა თავი არ დაიშურეს მტკივნეული მოგონებებისგან გამოწვეული ანალიზისთვის: “ეტყობა უარი ათქმევინეს ენჯიოების გრანტებზე”, ასეთი სათაურით დადო საკუთარ ფეისბუქზე ქართული ოცნების პრო-რუსულმა მხარდამჭერმა кетино табидзе-მ. “არა, ენჯიოები რა შუაშია ქეთი, ეგენი ბოკერიის უწყებიდან ფინანსდებოდენ“, უცბად დაუკომენტეს ოცნების პრო-დასავლურმა სასტავმა. რუსულ-დასავლური შეხლა-შემოხლა მალევე დასრულდა, როცა მხარეები შეთანხმდნენ, რომ მთავარია ნაციონალების სისხლიანი ფარფაში არ გაგრძელებულიყო. სტატიის გამო ასევე პრეტენზიის გარეშე დარჩნენ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები. მაგრამ, პრინციპში ან აქამდე რა ქონდათ საწყენი, მართლა სულ ოცნებაზე ვწერთ.

ერთადერთი ადამიანი, რომელმაც პოლიტიკური დივიდენდისთვის ჩიტის უახლესი სტატია ტყუილად გააკრიტიკა ნინო ბურჯანაძე გახდლათ: „ეს არის წმინდა ნიმუში ქართული ოცნების უუნარობის, რომ შეაჩეროს ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში მობრუნება. თითოეული სტატია, თითოეული პროპაგანდა, თითოეული მაგალითი ამ უსინდისობის არის ნაციონალური მოძრაობის პირდაპირი დაკვეთა და მეტი არაფერი“. კახა კუკავამაც დააპირა იდენტური განცხადების გაკეთება, მაგრამ გაუტყდა, მართლა ძაან უწყინარი სტატია იყოო.

ირაკლი ღარიბაშვილმა ამჯერად თავი შეიკავა ჩიტის სტატიაზე კომენტარის გაკეთებისგან, მაგრამ დაგვპირდა, რომ ბიძინა ივანიშვილის მომავალი პრესკონფერეციის დასრულებისთანავე დაგვიკავშირდება.

კომენტარები