პარლამენტის ვირტუალურ თავმჯდომარეს ხელფასი და პენსია დაენიშნება

3,849 ნახვა 0 სგ
0 სგ

თბილისი, 21 სექტემბერი - სოციალურ ქსელ Facebook-ზე პარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივას, "ვირტუალური არჩევნები," მხოლოდ სიმბოლური დატვირთვა არ ექნება. პარლამენტის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ თამაშში გამარჯვებული ადამიანი, დავით ბაქრაძესთან ერთი დღის გატარებასთან ერთად ხელფასსა და პენსიასაც მიიღებს.

"ჩვენ გადავწყვიტეთ ერთგვარი 'ინტერესი მიგვეცა' თამაშისთვის. როდესაც ამხელა კამპანიას იწყებ, უმჯობესია კარგი პრიზებით დაიტვირთოს და არ გავდეს უბანში ერთ სნიკერსზე მოთამაშე ბირჟავიკების გართობას" - აცხადებს აპარატის ხელმძღვანელი დავით ჯანიაშვილი.

როგორც ჩიტმა გაარკვია, პრიზების დამატების ინიციატივაც დავით ბაქრაძეს ეკუთვნის. "საქართველოს ბიუჯეტი 150 უსაქმურს იტანს და ერთის დამატება დიდი ტვირთი არ იქნება." - დასძინა თავმჯდომარემ.

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში საქართველოს მთავრობა და მათ შორის პარლამენტიც Facebook-ზე ძალიან გააქტიურდა. კულუარული ინფორმაციის მიხედვით, სახელისუფლებო გუნდში "ერთი წეწვა-გლეჯვაა" ლაიქერებზე. ამ ფრონტზე განსაკუთრებით მინისტრები და პრემიერობა/პრეზიდენტობაზე მეოცნებე ფიგურები იბრძვიან.

Facebook-ზე საკუთარი ფეიჯები აქვთ კულტურის, გარემოს დაცვის და ა.შ. მინისტრებს. სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი სოციალურ მედიაში ყველაზე აქტიურია, მას აქვს Myspace აქაუნთი და ჩენელი "mIRC"-ში #bakuriiiiiiii სადაც OP-ები ის და მისი მოადგილეები არიან.

მთავრობის ინტერნეტ ეპოპეას ოპოზიციაც აჰყვა, ლევან გაჩეჩილაძე და მისი თანამოაზრეები Google+ -ზე აქტიურობენ. ახალ სოციალურ ქსელში არსებული სამი ქართველი მომხმარებლი სწორედ გაჩეჩილაძეს უჭერს მხარს. სოციალური მედიის ექსპერტების აზრით, შესაძლოა გაჩეჩილაძეს "თბილისის პრეზიდენტის" ტიტულთან ერთად, მალე "Google+"-ის პრეზიდენტის წოდებაც მიანიჭოს მადლიერმა ერმა, რომელსაც "დიდი გრეჩიხა" პრიკოლებით ამარაგებს.

კომენტარები