“სანგუკო” ჯეიმს ბონდის ქართულ ადაპტაციას გადაიღებს

5,010 ნახვა 0 სგ
0 სგ

თბილისი, 4 აპრილი – კინოსტუდია “სანგუკო” ახალ გრანდიოზულ პროექტზე იწყებს მუშაობას. ქართული კინო კომპანია იან ფლემინგის ცნობილი რომანის, ჯეიმს ბონდის ქართულ ადაპტაციას გადაიღებს. რომანის ეკრანიზაციაზე ლიცენზია უკვე ნაყიდია, “ძალიან იაფი დაგვიჯდა ლიცენზია, რადგან ჩვენ რომანის ადაპტაციას ვიღებთ და არა თვითონ რომანს, ანუ დაახლოებით ‘ჯონი ინგლიშის’ ვარიანტს, მაგრამ გაცილებით სერიოზულს”, – განაცხადა ნუცა კუხიანიძემ.

ფილმში ტრადიციულად იქნება “პროდაქტ პლეისმენტები”, რაც ბიუჯეტის ოპტიმიზაციას უწყობს ხელს. ჯერ–ჯერობით უცნობია, რა ერქმევა ქართველ ჯეიმს ბონდს, თუმცა “პროდაქტ პლეისმენტის” ხარჯზე ცნობილია, რომ მისი კოდური ნომერი 577, ხოლო მისი მომმარაგებლის კოდური ასო - “ჯ” იქნება.

“სანგუკო” რამდენიმე ფილმის გადაღებას და ქართული აგენტური საგის შექმნას გეგმავს. პირველი ფილმის სათაური “აგენტი 577: ორშაბათიც შაბათია” იქნება. სცენარის მიხედვით, სიუჟეტი საქართველოში ვითარდება. აგენტი 577 რუსეთის კულტურულ ექსპანსიას შეებრძოლება. ფილმის პირველი სცენა ქართველი მონარქების ქორწილში იწყება, სადაც ქართველი ჯეიმს ბონდი ულამაზეს გოგონას შეხვდება, რომელიც საბოლოოდ რუსეთის აგენტი აღმოჩნდება, ის საქართველოში 1000 რუსი მასწავლებლის ჩამოყვანის პროგრამას ხელმძღვანელობს. რუსი მასწავლებლები ქართულ სკოლებში უნდა გადანაწილდნენ და უფროსკლასელი ბავშვები გარყვნან 37 მანეთად, რათა ახალ თაობას ისევ შემოუბრუნდეს გული ჩრდილოელ მეზობელზე და ანექსია უფრო ადვილი გახდეს.

აგენტი 577 აღჭურვილი იქნება თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ტრადიციული ქართული ელემენტების შერწყმით მიღებული იარაღებით. მაგალითად, მექანიკური ყანწი, რომელიც ლაზერებს ისვრის; ფიალა, რომელიც გარკვეული დროის შემდეგ სასმელში საწამლავს უშვებს; შამფური, რომელიც ღილაკზე დაჭერისას წვერს ისვრის და თოკს მაღალ წერტილებში ამაგრებს.

ფილმის საუნდტრეკზე მუშაობა დაიწყო ნინო ჩხეიძემ, რომელიც შერილ ქროუს “Tomorrow Never Dies”–ს ქავერს შეასრულებს და ტექსტს “Martinis, Girls and Guns” ფრაზით “ღვინო, დუდუკი, ქალები” ჩაანაცვლებს.

ფილმის გამოსვლა 2012 წლის ნოემბერში იგეგმება.

კომენტარები