"ტაძარი, ფული და ერთი შანსი" - ახალი შოუ "TV კვირიკეზე"

3,942 ნახვა 0 სგ
0 სგ

თბილისი, 11 ივლისი - სამების საკათედრო ტაძრის ეზოში "ლაღიძის კაფის" გახსნის შემდეგ საქართველოს საპატრიარქოს დამატებითი შემოსავალი გაუჩნდა, რის შედეგადაც ორგანიზაციაში ამ ფულის ტაძრების მშენებლობაზე დახარჯვის გადაწყვეტილება მიიღეს. როგორც საპატრიარქოში იუწყებიან, წლიური 25 მლნ. დაფინანსება და ხატებისა და საეკლესიო ნივთების ბიზნესიდან შემოსული თანხები ტაძრების აშენებისათვის საკმარისი არ იყო და მხოლოდ გასტრონომიულ ბიზნესს შეუძლია ქართველთა სულიერ სამყაროს შეეხიდოს. "საქართველოში დღეს ძალიან ბევრი ტაძარი შენდება და დამატებითი შემოსავლის მიუხედავად ყველას დაფინანსება შეუძლებელი იქნება" - განაცხადა საპატრიარქოს პრეს-სპიკერმა მამა მიხეილ ბოტკოველმა. მისი თქმით, ბიუჯეტის გადანაწილება მხოლოდ რამდენიმე ტაძარზე იქნება შესაძლებელი, ხოლო რომელი ტაძარი იქნება ეს ამას "TV კვირიკეზე" გასულ გადაცემაში სპეციალურად შერჩეული ჟიური გადაწყვეტს.

"ჟიურის წევრების ვინაობა ჯერ უცნობია, გეტყვით მხოლოდ იმას, რომ რამდენიმე ადამიანთან - როგორც სასულიერო, ისე საერო პირებთან, მიმდინარეობს მოლაპარაკება." განცხადა "TV კვირიკეს" გენერალურმა დირექტორმა დეკანოზმა გიორგი ყიფშიძემ. როგორც ჩიტისთვის გახდა ცნობილი, ჟიურში შესაძლებელია ვიხილოთ მარინა ბერიძე, რომელიც დასაფინანსებელი ტაძრის მგალობელთა გუნდს შეაფასებს. გადაცემის ფორმატის მიხედვით ჟიურის წინაშე ტაძრის წარმომადგენლები წარსდგებიან, რომლებიც შეეცდებიან დაამტკიცონ, რომ მათი ტაძარი ყველაზე პრიორიტეტულია ერის სულიერი განვითარების ამ ეტაპზე. ჟიურის წევრები გაითვალისწინებენ ისეთ მაჩვენებლებს როგორიცაა: ზარის ხმის გავრცელების რადიუსი, გუმბათის სიმაღლე, დარბაზის ფართი და სხვ. ექსპერტების რჩევით, კონკურსანტები პრეზენტაციისას ზუსტად ისეთივე სათნო ხმით უნდა მოყვნენ ტაძრის შესახებ, როგორც ამას სატელევიზიო რეკლამებისას აკეთებენ. აღნიშნულის გამო უკვე დაწყებულია სათნო ხმების კასტინგი საქართველოს სხვადასხვა ტაძრებში.

"TV კვირიკესა" და საპატრიარქოს მესვეურებს იმედი აქვთ, რომ ეს პროექტი საქართველოში ახალ სასულიერო ეპოქას ჩაუყრის საფუძველს და ტაძრების მშენებლობას საშველი ბოლოს და ბოლოს დაადგება.

პროექტის წარმატების შემთხვევაში ტელევიზია სხვა გადაცემების ამუშავებასაც აპირებს. მაგალითად, ერთ-ერთი იქნება "იქადაგე და მოიგე" - რომელშიც სასულიერო პირები, რომელთა სახელფასო ბიუჯეტზე საპატრიარქოს 2 მილიარდიანი ქონება არ ჰყოფნის, შეეცდებიან ჟიურის წევრებს უქადაგონ და თუ მათ რწმენას 1 წუთის განმავლობაში გააღრმავებენ ფულად ჯილდოს მიიღებენ. თუმცა, ახალი პროექტისთვის უკვე სხვა კაფის ან "ზავიძეენიის" გახსნა იქნება საჭირო.

კომენტარები