ვაკელებისთვის სპეციალური iPhone-აპლიკაცია გამოვა

14,701 ნახვა 0 სგ
0 სგ

თბილისი, 20 იანვარი - კომპიუტერული კომპანია Soft Vake ახალ აპლიკაციაზე იწყებს მუშაობას, რომელიც სპეციალურად ვაკელებისთვის იქმნება.

საქართველოში iPhone-ის პოპულარიზაციამ ქართული აპების საჭიროებაც გააჩინა, რასაც კომპანიების გააქტიურება მოჰყვა. Soft Vake-ს ახალი აპლიკაცია LevelProtector ვაკელებს გარეუბნებისგან დაიცავს. პროგრამა GPS-სისტემის ერთგვარი სახეობაა, რომელშიც თბილისის რუკაა ჩატვირთული და, თუ ადამიანი ქალაქის ცენტრს გაცდება და შედარებით გოიმურ უბანს მიუახლოვდება, ტელეფონში ჩატვირთული აპლიკაცია განგაშის ხმას გამოსცემს.

"ჩვენ ქალაქი რამდენიმე სექტორად დავყავით." - აცხადებს Soft Vake-ს დეველოპერი თემუკა ბურდული. - "ვაკე, საბურთალოს ნაწილი, გმირთა მოედნიდან - დელისამდე, ვერა, მთაწმინდა, სოლოლაკი - ამაღლების ქუჩამდე, ვორონცოვი და პლეხანოვი - სტადიონამდე, მწვანე სექტორს მიეკუთვნება, სადაც არაგოიმების მოძრაობა მათი რეპუტაციისთვის უსაფრთხოა". ბურდულის თქმით, ნუცუბიძე, ვაჟს კვარტლები და დიდუბე ყვითელ ზონაში მოექცა - ამ სექტორში შესვლისას LevelProtector ინტენსიურ რეჟიმში აფრთხილებს მომხმარებელს რომ ის სახიფათო ზონასთან ძალიან ახლოს არის და ურჩევს რაც შეიძლება მალე დატოვოს ტერიტორია. წითელ ან სახიფათო ზონაში მოექცნენ ვარკეთილი, თემქა, მუხიანი, დიღომი და დიდი დიღომი - ამ ზონაში შესვლისას აპლიკაცია განგაშს ჩართავს და თუ მომხმარებელი 15 წუთში არ დატოვებს ტერიტორიას მის ახლო მეგობარს ან პოლიციას ურეკავს, რათა მოაკითხონ და სასწრაფოდ დაეხმარონ ლოკაციის დატოვებაში.

ვაზისუბანი, გლდანი, ორხევი და ლილო იმ კატეგორიაში შედის, საიდანაც გამოსვლა შეუძლებელია, რადგან აპლიკაციის ავტორების აზრით, ნორმალური ადამიანი იქ არ უნდა მიდიოდეს. სწორედ ამიტომ, საზღვრის გადაკვეთისთანავე ტელეფონი ავტოგანადგურების რეჟიმზე გადადის და რამდენიმე წამში ფეთქდება, რის შედეგადაც 5 მეტრის რადიუსში ყველაფერს ანადგურებს.

იმ შემთხვევაში, თუ აპლიკაციის მფლობელი აეროპორტში მიდის, მან წინასწარ უნდა შეატყობინოს ვენდორ კომპანიას და შეტყობინებას თან დაურთოს ბილეთებისა და ვიზის ასლები, რის შემდეგაც, თვითგანადგურების რეჟიმის დროებითი დეაქტივაცია მოხდება.

Soft Vake მომავალში სხვა აპლიკაციების დეველოპმენტსაც გეგმავს, რომლის საშუალებითაც ყალბი არაგოიმის ამოცნობა იქნება შესაძლებელი და შესაბამისად, ვაკური აქცენტით საუბარით ვეღარავის მოატყუებენ.

კომენტარები