პირველკურსელების დედები სახლში წავიდნენ

7,278 ნახვა 0 სგ
0 სგ

თბილისი, 16 სექტემბერი - თსუ-ს წინ შეკრებილი პირველ კურსელების დედები უკვე სახლში არიან. ასევე ბებიებიც. მშობელთა დაშლის პროცესი მაშინ დაიწყო, როდესაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა სტუდენტებს პატრიარქის გამოსვლის შემდეგ მიმართა. "დღეს პატრიარქმა დაგვლოცა! ამაზე კარგი რა შეიძლება მოხდეს?" იკითხა განათლების მინისტრმა და ქოლგით მდგარ ბიჭუნას შეხედა, იმ იმედით, იქნება ახლა მაინც მოუბრუნდეს ჩემზე გულიო.

თუმცა, როგორც ჩიტისთვის გახდა ცნობილი, ბიჭუნას, რომელიც სავარაუდოდ სტიქაროსანი და თბილისის მომავალი მერია, შთაბეჭდილება არ შეცვლია.

მინისტრის რიტორიკული შეკითხვის შემდეგ მშობლებმა გააანალიზეს, რომ მათი შვილები ახლა დაცულები არიან და მათი მარტო დატოვება და ცხოვრების ახალ ეტაპზე ოდნავი დამოუკიდებლობის მიცემა შესაძლებელი გახდა.

როგორც ჩიტისთვის გახდა ცნობილი, დედები ავტობუსის გაჩერებამდე სწრაფსწრაფად მიდიოდნენ, რადგან ძლივს ძლივობით იკავებდნენ სიამაყეს და არ უნდოდათ შვილების წარმატებით გამოწვეული სიხარულის გამო ამპარტავნების ცოდვაში პირდაპირ პატრიარქის წინაშე ჩავარდნილიყვნენ. ღონისძიებაზე ადგილი ჰქონდა ინციდენტს. ერთ-ერთი სტუდენტის დედამ, თსუ-ს ეზოს დატოვება არ მოინდომა, რის შედეგადაც მას პატრიარქის მიმართ უნდობლობის გამოხატვაში დასდეს ბრალი და მოუწოდეს სასწრაფოდ მიენდო მისი შვილის ბედი უკვე დალოცვილი და თითქმის რეფორმირებული ქართული უმაღლესი განათლების სისტემისათვის. ბიჭუნა, რომელმაც პატრიარქი დაიცვა უკვე მიიღეს თსუ-ს თვითმმართველობაში.

დღეიდან რამდენიმე ათასი ადამიანის საუკეთესო წლები იწყება, რომელთა განმავლობაშიც პატრიარქის დალოცვაზე უკეთესი, ღვთის წაყალობით, აღარაფერი მოხდება. თუმცა მათი დედები ბოლომდე მათ გვერდით იქნებიან და კალთას და ფრთებს გადააფარებენ.

კომენტარები