გიორგი მარგველაშვილის ძაღლი მეტისთან ნაჯვარია

24,351 ნახვა 1 სგ
1 სგ

თბილისი, 29 ოქტომბერი - საქართველოს ახლად არჩეული პრეზიდენტის გარშემო ახალი სკანდალი აგორდა. როგორც dzaglebi.ambebi.ge იუწყება, გიორგი მარგველაშვილის ძაღლი სუფთა სისხლის არ არის და მისი დედა მეტისი ანუ უჯიშოა. ჯერ-ჯერობით უცნობია, როგორ მოხდა ძაღლის მამისა და დედის შეხვედრა. ამ საკითხზე უკვე მიმდინარეობს რამდენიმე ჟურნალისტური გამოძიება, რომელთაც სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტოები ატარებენ. როგორც "ზონა ნიუსი" იუწყება, გარდა უჯიშოობისა პრეზიდენტის ძაღლს რწყილებიც ჰყავს, თუმცა ჟურნალისტის ანალიზის მიხედვით პრობლემა არა რწყილებში, არამედ მკურნალობის მეთოდშია. "მარგველაშვილი თავისი ძაღლის რწყილებს დუსტით მკურნალობს, მოძველებული და საბჭოთა მეთოდით, რაც ცხადჰყოფს მის კოლაბორაციონისტულ მისწრაფებებს." ვკითხულობთ სტატიაში, რომელიც დასათაურებულია: "მარგველაშვილის რწყილიანი ძაღლი და მისი დუსტი - უებარი მეთოდი თუ სამშობლოს ღალატი?"

სკანდალს გამოეხმაურა ასავალ-დასავალიც, რომელიც აღნიშნული საკითხის კომენტირებისთვის რეზო ამაშუკელს დაუკავშირდა. "გული მიკვდება, როცა ვხედავ, რომ მიუხედავად ხალხის იმედისა საქართველოს კიდევ ერთი უჯიშო ეყოლება პრეზიდენტის რეზიდენციაში" - ხმამაღლა თქვა რეზო ამაშუკელმა. პოეტის განცხადებით, საჭიროა პრეზიდენტმა ნამდვილი ქართული მეცხვარე იყოლიოს. "უჯიშოები და პუდელები საბოლოოდ უნდა გადაშენდნენ!"

როგორც ჩიტისთვის გახდა ცნობილი, ძალიან მალე სააგენტო "ინფო 9" და მერიკო კარტოზია ლამაზ ჟურნალისტურ გამოძიებას დაასრულებენ და ლამაზად გამოაქვეყნებენ.

კომენტარები