ქუთაისი, 25 ოქტომბერი - საქართველოს პარლამენტის სხდომების მიმართ გაზრდილი ინტერესის გამო, რის შედეგადაც პარლამენტის პლენარული სხდომები ყველაზე ყურებად სატელევიზიო გადაცემად იქცა, სხდომათა დარბაზში რეკლამები განთავსდება. აღნიშნული ინიციატივით საქართველოს ახალი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია გამოვიდა, რომელიც თვითონვე უხელმძღვანელებს საპარლამენტო სარეკლამო ბაზარს და ამისათვის კომპანია InDoor.ge-ს დააარსებს.
რეკლამის ადგილები უკვე შერჩეულია, კენჭისყრის ეკრანზე იტრიალებს სხვადასხვა კომპანიების სარეკლამო კლიპები. როგორც ჩიტისთვის გახდა ცნობილი, მობილური კავშირის კომპანიებს შორის ექსკლუზიურობის უფლება კომპანია "ჯეოსელმა" მოიპოვა, რომელიც პარლამენტში ახალი ტარიფის "41"-ის რეკლამირებას დაიწყებს. ახალი ტარიფით მომხმარებელი 41 SMS-ს მხოლოდ 41 ლარად მიიღებს. მიუხედავად იმისა, რომ ტარიფი არარეალისტურად ძვირია, "ჯეოსელის" მესვეურები ამბობენ, რომ ცხოვრებაში მთავარი სიიაფე და ხელმისაწვდომობა არ არის.
სარეკლამო ბანერი გაქირავდება საქართველოს ჰერბის ადგილასაც, ივანიშვილის განცხადებით, დეპუტატების "ტაბლიჩკებიც" კარგი ადგილია. აღნიშნული "ტაბლიჩკებიდან" მიღებული შემოსავალი დეპუტატებსაც გაუნაწილდებათ, ხოლო პარლამენტის თითოეულ წევრს უფლება ექნება სპონსორირებული ბრენდის ატრიბუტიკით მივიდეს სხდომაზე და მსგავსი სახით მიღებული შემოსავალი მთლიანად მიიღოს. ჩიტისთვის ცნობილი გახდა რამდენიმე ბრენდის შესახებ, რომლებიც კონკრეტულ დეპუტატებს დაასპონსორებენ. მარიამ საჯაიას სპონსორი იქნება ბავშვთა გასართობი ცენტრი "მულტი-პულტი" და მაგთის ახალგაზრდული მიმართულების მქონე პროდუქტი "ბალი." როლანდ ახალაია ტურისტული კომპანია NTour-ის საოჯახო დასვენების პაკეტის სახე გახდება.
ესპერტი კრეატიული იდეების საკითხებში მიშა თავხელიძე აცხადებს, რომ აღნიშნული ინიციატივა ძალიან კარგია და ყველაფერს ბაზარი დაარეგულირებს.