ღია წერილი პრემიერს: ჰარვარდი დავამთავრე და მინისტრობაც არ მომეცით

3,589 ნახვა 0 სგ
0 სგ

ბატონო ირაკლი,

დიახ, სწორად წაიკითხეთ: მე ჰარვარდის კურსდამთავრებული ვარ. ვისწავლე ქალაქ ბოსტონის ყველაზე პრესტიჟულ უბანში მოსფლიოს საუკეთესო პროფესორების ქვეშ.

მთავრობისგან ხშირად გვესმის, რომ უნდა წავაქეზოთ ახალგაზრდების სამშობლოში დაბრუნება, რომ უნდა შევარჩიოთ საუკეთესო კადრები. ამას ამბობენ იმ დროს როცა ჩემთვის, ჰარვარდის ალუმნუსისთვის, ყველა მინისტრის კაბინეტი დაკეტილი აღმოჩნდა.

მოდით სიტუაციას რეალურად შევხედოთ: არასდროს არავისთვის ზედმეტი არ მითხოვია. პრემიერობა ვთხოვე ვინმეს? პრეზიდენტობა ხომ არ ავიჩემე? ანუ, ერთ-ორ წელში შეიძლება მაგაზე ლაპარაკი, მაგრამ ჯერჯერობით რეალისტი ვარ და ვხვდები, რომ უნივერსტეტიდან პირდაპირ პრეზიდენტობამდე მისვლა ცოტათი ზედმეტია.

დავურეკე პრემიერს და ვთხოვე ერთი რამ: დამნიშნე მინისტრად. თან განა რომელიმე კონკრეტული სამინისტროსი, სამი სხვადასხვა ვარიანტი მივეცი: საგარეო, შინაგან საქმეთა, ჯანდაცვა. ამპარტავნებად ნუ ჩამითვლით, მაგრამ შეგახსენებთ, რომ ჰარვარდის კურსდამთავრებულისთვის ეს ფაქტიურად დამლაგებლობის ტოლფასია. მაგრამ მე თავმდაბალი გახლავართ და ამიტომაც არ ვთხოვე ბატონ ირაკლის პირდაპირ პრემიერობა მოეცა ჩემთვის.

მაგრამ ამ *ლე ქვეყანაში ვინ რას მოგცემს? დაიწყო ღარიბაშვილმა ლაპარაკი სამუშაო გამოცდილებებზე, იმაზე, ამაზე. უკაცრავად, ბატონო ირაკლი, თქვენ მიშელ ფუკოს “დისციპლინა და სასჯელი” წაკითხული გაქვთ? ალბათ არა. მე წაკითხული მაქვს, ჰარვარდში წავიკითხე, პროფესორმა წამაკითხა. ეს ერთი ფაქტიც საკმარისი უნდა იყოს, რომ პირდაპირ ჩამაბაროთ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობა, მაგრამ არა, თქვენ არ აფასებთ ჭეშმარიტ ნიჭს.

ხოდა იყავით ასე.

პატივისცემით,

უმუშევარი ჰარვარდელი 

კომენტარები