გამოცდებში ჩაჭრილ აბიტურიენტთა ნაწილს შესაძლოა უნივერსიტეტში მოხვედრის უფლება მიეცეთ

7,354 ნახვა 3 სგ
3 სგ

განათლების და მეცნიერების სამინისტროში განიხილება წინადადება, რომლითაც აბიტურიენტებს, რომლებმაც ვერ გადალახეს მინიმალური ზღვარი, უნივერსიტეტში მოხვედრის შესაძლებლობა მაინც ექნება. ამ ინიციატივით, თუ მოსწავლეს ნათესავი ან ახლობელი ჰყავს პოლიტპატიმარი, ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკისგან დაზარალებული, ან 2011 წლიდან დღემდე ქართული ოცნების წევრი, მაშინ ის კონკურსის გაგრძელებას ჩაჭრის მიუხედავად მაინც შეძლებს. ასეთი კატეგორიის პირებისთვის უნივერსიტეტეში სპეციალურად გამოიყოფა ადგილები, რომლითაც პირველ რიგში მათით შეივსება განსაზღვრული კვოტა, ხოლო მხოლოდ დარჩენილ ადგილებზე ექნებათ ჩვეულებრივ აბიტურიენტებს კონკურსის წესით მიიღონ სტუდენტის სტატუსი. ინიციატივის ავტორი, ჰენრიკ ღვინჯილია ჩიტთან ინტერვიუზე დათანხმდა, რომელმაც განაცხადა: "ეს იდეა მას შემდეგ გამიჩნდა, რაც ბატონმა დავით ნარმანიამ ტესტირებებზე ჩაჭრილი თანამშრომლები აღადგინა და მისცა მეორე ეტაპზე გადასვლის საშუალება. ჩვენს მრავალ საერთო ნათესავს უმუშევრობა ელოდებოდა, თან იმათ არც იმდენი ტვინი აქვთ მერე თავისით ეპოვათ სხვა სამსახური. მაგრამ მადლობა ღმერთს ჩემმა ბიძაშვილმა იდეალური იდეით თავი დაიძვრინა, ამ, ერთი შეხედვით გამოუვალი მდგომარეობიდან." ინიციატივამ გამოხმაურება ჰპოვა პარლამენტშიც. "ძმა ძმისთვისაო, შავი დღისთვისაო. თუ ჩვენს თანამებრძოლებს და ნათესავებს გაჭირვებაში მივატოვებდით, მაშინ რა ნათესაობა გამოდის. გარყვნილი ევროპული წესები ყოველთვის ქართულ მენტალიტეტში ვერ ჩაჯდება, შეიგნეთ ბოლოს და ბოლოს. ჩათვალეთ, ამით ჩვენს ტრადიციებს ვიცავთ" - განაცხადა ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ. "ჩათვალეთ, რომ ეს არის ნაციონალთა ბოგინისა და თარეშისგან დაზარალებული პირებისთვის გაღებული კომპენსაცია" - დაამატა ნაციონალური მოძრაობის ყოფილმა წევრმა და ქართული ოცნების ამჟამინდელმა აქტივისტმა ირაკლი შიხიაშვილმა.

კომენტარები