სოფლის მეურნეობის მინისტრს ტელეფონი აახიეს

7,311 ნახვა 3 სგ
3 სგ

თბილისი - საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრს ახლად ნაყიდი iPhone 6 აახიეს. როგორც სამინისტროს პრეს-სამსახური იტყობინება მინისტრს უცნობი პირები თსუ-ს მიწისქვეშა გადასასვლელში დახვდნენ და შეაყენეს. პრეს-რელიზსში ნათქვამია, რომ მინისტრს ჯერ კოსტუმისა და ჰალსტუხის ახევა დაუპირეს, თუმცა ერთ-ერთმა მძარცველმა მინისტრს ახტომა მოსთხოვა. ახტომის შედეგად iPhone 6-ის სენსორი გააქტიურდა და ტელეფონის ეკრანი აინთო. "სწორედ მაშინ შენიშნეს ბოროტმოქმედებმა მინისტრის ტელეფონი და გადაწყვიტეს ტანსაცმლის და ხურდების მაგივრად მისთვის სწორედ ეს ნივთი წაერთმიათ." - ვკითხულობთ სოფლის მეურნეობის პრეს-რელიზში, რომელიც საოცარი ნარატივით გამოირჩევა. 

აღნიშნული ფაქტის გაბაზრებას გმობს გია ვოლსკი. მისი თქმით, ძალიან ცუდია, რომ სამინისტრომ ეს ფაქტი საგულდაგულოდ არ დამალა და ნაციონალებისა და საზოგადოების წინაშე ქართული ოცნების მთავრობის წევრი ჩმორად გამოიყვანა. "ეყიდათ ახალი აიფონი საბიუჯეტო ხარჯებით, თუ ამ კაცს ფული აღარ აქვს, ვინ მიხვდებოდა? თან ისედაც ერთი ამბავია უკვე ატეხილი და რაღა აზრი აქვს?" - იკითხა მან. 

აღნიშნული კრიმინალური მოვლენის უკან პრემიერმინისტრი ვერც ნაციონალურ მოძრაობას ხედავს და ვერც სხვა რამეს, რადგან თვალებზე ბინდი აქვს გადაკრული, გიორგი მარგველაშვილისა და იაპონიის იმპერატორის შეხვედრის გამო. 

კომენტარები