ზაზა გაბუნია ნაძალადევის რაიონისთვის ქრისტიანული სახელის დარქმევას აპირებს

10,336 ნახვა 1 სგ
1 სგ

თბილისი - ნაძალადევის რაიონის ახლად დანიშნული გამგებელი ზაზა გაბუნია რაიონისთვის ქრისტიანული სახელის დარქმევის ინიციატივით გამოდის. გაბუნიას თქმით, სახელი "ნაძალადევი" ნეგატიურია და არ შეეფერება ისეთი ქრისტიანული ქალაქისა და ერის ხალხს, როგორიც თბილისი და საქართველოა. "ეს სახელი აღნიშნავს, რომ ვიღაცას რაღაცას აძალებენ და როგორც მე ვიცი აქ ნაძალადევად და ზეწოლით ჩასახლებული ადამიანების მიერ არის დარქმეული." დასძინა მან. გაბუნია სპეციალური კომისიის შექმნას აპირებს, რომელშიც საზოგადოების ცნობილი სახეები და რა თქმა უნდა სასულიერო პირები შევლენ. 

"ეს ჯგუფი იმუშავებს შესაბამისი სახელის მოფიქრებაზე. თავად მე ერთი კარგი ვერსია უკვე მაქვს, ნეტარების რაიონი. ნეტარება ნაძალადევობისა და ძალადობის სრული ანტონიმია და თანაც ქრისტიანი ადამიანები სწორედ ნეტარებას ეძიებენ ღვთის სასუფეველში." განაცხადა გაბუნიამ ჩიტთან საუბარში. ყოფილი ქრისტიან-დემოკრატი და მეტეხის ხიდისთვის 100 000 მოწამის სახელის დამრქვემი, არ გამორიცხავს, რომ ნაძალადევს ბედნიერების რაიონიც დაერქვას, რაც გამოიწვევს მსხვილი ინვესტორის მოზიდვას, რომელიც ამდენი წელია უშედეგოდ ეძებს ბედნიერებას. 

გაბუნიასვე თქმით, სახელი აუცილებლად შეეცვლება თემქის დასახლებას, რომელიც აბრევიატურაა და იშიფრება როგორც "თბილისის ელმავალთ მშენებელი ქარხანა." თემქის ახალ სახელზეც ახალი გამგებლის მოწვეული კომისია იმუშავებს. 

ზაზა გაბუნია მოუწოდებს ნაძალადევის რაიონის მაცხოვრებლებს შევიდნენ მის ფეისბუქ პროფილზე: https://www.facebook.com/zaza.gabunia  და მისწერონ მას თავიანთი იდეები, როგორც ნაძალადევის - ასევე თემქის დასახლების ახალი სახელის შესახებ. 

 

კომენტარები