მელანქოლიურმა გოგონამ Flea Market-ზე გაიღიმა

6,996 ნახვა 1 სგ
1 სგ

თბილისი - მელანქოლიურმა გოგონამ, რომელიც დედაენის ბაღში ფეხით მივიდა, რამდენიმე დახლის დათვალიერების შემდეგ გვერდით მდგომ 25 წლის მამაკაცს გაუღიმა, გადაკოცნა და ჰკითხა, თუ როგორ იყო. დაბრუნებულ შეკითხვაზე, თუ როგორ იყო თვითონ, უპასუხა - "კარგად". 

როგორც ჟურნალისტთან "off the record" საუბარში გოგონას მეგობრებმა განაცხადეს, მომხდარი მათთვისაც სიურპრიზი იყო. თვითონ გოგონა კი შეკითხვაზე, თუ რატომ გაიღიმა Flea Market-ზე პასუხობს, რომ აქ ყველაფერი კარგია.

"სანამ მოვიდოდი არ მეგონა თუ ასეთი კარგი იყო, მაგრამ მერე მოვედი და კარგია. ყველაფერი მომწონს, ეს მწვანე გაზონიც და ნაჭრებიც და ხალხიც. თან მეგობარმა ვინილი მაჩუქა დღეს და მოკლედ, ყველაფერი კარგია. თბილისში ახლა ასეთი რამეები იშვიათად ხდება ხოლმე, ყველაფერი კარგი რომაა და მეც გამიხარდა რა."

გაღიმებულმა გოგონამ Flea Market-ზე რამდენიმე ნივთი შეიძინა, შემდეგ ალუბლის კომპოტი დალია და ბოლოს უფლება მისცა ფოტოგრაფს მისთვის ფოტო გადაეღო. გოგონას ფოტო ორშაბათს გამოჩნდება ფეისბუკგვერდზე "Humans Of Tbilisi".

კომენტარები