უკვე ოთხი იანვარია და ოცნების მიერ პრეზიდენტად გამოცხადებულმა მიხეილ ყაველაშვილმა არ იცის, ამ ოჯახში გაშლილ სუფრაზე ახალი წლის პონტში მიიწვიეს თუ – პრეზიდენტობის.
ჩიტის ჟურნალისტის ინფორმაციით, ის უკვე მერვე წუთია დიდი ნებისყოფით უსმენს ოჯახის უფროსი ლევან შენაქოშვილის მიერ წარმოთქმულ სადღეგრძელოს მშვიდობის შესახებ. თუმცა, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ყაველაშვილის თვალებში შესაძლოა ვკითხულობდეს შეკითხვას, “ღირდა?”
აღნიშნული უმალვე მოინათლებოდა ყაველაშვილის შინაგანი დიალოგის მიერ “ინტრუზიულ აზრად”, მან რომ იცოდეს რა არის “ინტრუზიული აზრი”. ენაზე ადგას. მაგრამ ვერ ამბობს.
ჩვენი ფსიქო-ექსპერტების (რომლებიც ეთიკურ ნორმებში ჯდებიან და ადამიანთა ფილოსოფიურ პორტრეტს გვთავაზობენ და არა – დიაგნოზებს, რათა თქვენ დამოუკიდებლად გადაწვიტოთ, არის თუ არა ვინმე “შეშლილი”) აზრით, ყაველაშვილს არ ეპიტნავება, როცა საფეხბურთო წარსულს ახსენებენ და შესაძლოა დისკომფორტს ამიტომ განიცდის და არა – ამ ნამდვილი ქართული ოჯახის მიერ შეთავაზებული საოცარი სუფრითა და მანსპინძლის მჭერმეტყველებით.
საფეხბურთო ექსპერტი, გოგა კერძევაძე ვარაუდობს, რომ ყაველაშვილი დღესვე გაცვლიდა კალაძის ტიტულებსა და წარმატებას ამ პოლიტიკურ ორომტრიალსა და ნერვების გლეჯვაში, რომელიც მან იცის, რომ წინ ელოდება. შესაბამისად, სუფრა მისთვის ერთგვარი ესკაპიზმია. ის თავს აქ კარგად გრძნობს, ბევრი საფიქრალი არ აქვს. მხოლოდ ის უნდა გაიგოს, აქ – მეკვლედ მოიწვიეს თუ შემოსწრებულია. ეს ერთგვარი გასაღებია იმ დილემისა, რომელიც რეპორტაჟის დასაწყისში ვახსენეთ.
თუ ყაველაშვილი შემოსწრებულია, ე.ი. ჯიგრულ პონტში დაპატიჟეს და სავარაუდოდ, რომელიმე შორეულ ნათესავთან ან ძველ მეზობელთან იმყოფება ახლა, რომლებთანაც უცებ შეირბინა, ვიდრე საქმიანი შემოვლითაა დაკავებული. ხოლო თუ მეკვლედ – ე.ი. მას მეოთხე დღეა ელიან და შესაბამისად, პრეზიდენტობის პონტში მიიწვიეს. რადგან მეკვლის როლი აქამდე მხოლოდ მამუკა მდინარაძეს ჰქონდა ათვისებული და ხანდახან მიხეილ სარჯველაძეც მივიდოდა, გამთენიისას.
ამოცანას “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო სლოგანიც ართულებს.
მშვიდობის ეს სადღეგრძელო პირველიც შეიძლება იყოს – და შესაბამისად, მეკვლეა და შუაც (იმიტომ რომ პოლიტიკური სადღეგრძელოა და არა ტრადიციული) – შესაბამისად, შეიძლება იყოს შემოსწრებულიც.
ყაველაშვილი ორჭოფობს.
თუმცა, ამას ახლა მნიშვნელობა არ აქვს, გვეუბნება ფსიქოლოგი ნელი ძოწენიძე. “ყაველაშვილი ახლა ცდლობს არ ჩამოეძინოს, რადგან მან იცის, რომ თუ თვალს ერთი წამით მაინც დახუჭავს, სამი დღის შემდეგ გაეღვიძება თავის ტკივილით, რომელიც ძირითადად სანქციებით იქნება გამოწვეული და არა ალკოჰოლით”.
ძოწენიძე ამბობს, რომ მისი ეს შეფასება ეფუძნება ყაველაშვილის სახის გამომეტყველებას, რომელზეც სანქციებზე შეკითხვის დასმისას ნათლად იწერება, “აუ რა ტვინი მოტ*ნეს!”
შესაბამისად, ყაველაშვილის ეს დილემა, რომელიც მისი ვიზიტის გარეგან მოტივს ეხება ერთგვარი გონებრივი სავარჯიშოა, იმისთვის რომ სიფხიზლე შეინარჩუნოს.
“ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ყაველაშვილი, თავისი გადმოსახედიდან ახლა ქვეყნის სამსახურში დგას,” დასძენს ძოწენიძე და მისივე თქმით, ზედმეტი წიაღსვლები საჭირო არ არის.
ჩვენი ჟურნალისტი ადგილზე რჩება და ყველა სიახლეს გვაწვდის.




დატოვეთ კომენტარი