მორიგი დაპირისპირებაა ქართული ოცნების რიგებში. ამჯერად წინა ხაზზე ლადო კახაძე გადმოვიდა და ირაკლი კობახიძეს ბიძინა ივანიშვილის ზურგიდან შეუტია.
“კობახიძემ იცოდა, რომ ჩემი თათუნით ქართველი ხალხი გათბა, ისევე როგორც ის ლოყა, რომელითაც ბატონ ბიძინას მივეთათუნე.” დაიჩივლა მან. კახაძის ვერსიით, ევროპაზე უარის თქმა და ხალხის გამოწვევა ირაკლი კობახიძის შურის პროდუქტია, რადგან მან ვერ მოინელა ეს სიახლოვე.
“კობახიძე არის შურიანი!” განაცხადა კახაძემ და გაბრაზებულმა გაიჯახუნა პრეს-ოთახის კარი.
როგორც ჩიტის კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, თათუნის სპეციალისტმა გასვლიდან რამდენიმე წუთში თავი შემოყო და დაიმუქრა, კობახიძეს თმებს დავაწიწკი და ნაბადს მოვიქსოვ, მერე კი ისევ მივეთათუნები ბატონ ბიძინასო.
კახაძის მუქარას ჯერჯერობით არ გამოხმაურებია ირაკლი კობახიძე, რომელსაც ვერ გადაუწყვეტია სახელდახელოდ გამართულ მინი-ფეხბურთის მატჩში კარში ლაშა ტალახაძე ჩაიყენოს თუ გენო პეტრიაშვილი.




დატოვეთ კომენტარი