სტარტ-აპ საქართველოს დაფინანსებული წამოწყება “ილია და” ერთ ჩვეულებრივ ოფისშია განთავსებული და გამოუცდელი თვალი ვერც კი მიხვდება, რომ ამ სამუშაო მერხების უკან არა უბრალო “აიტიშნიკები”, არამედ ქართული ხელოვნური ინტელექტის გენიოსები სხედან.

დაწკრიალებულ ოფისში, რომელშიც აქა-იქ ენერგეტიკული სასმელის ცარიელი ქილები, სტრესის ტრენაჟორები და წლების წინ პოპულარული სათამაშო, ფიდჯეტ სპინერია მიმოფნატული, უხმაუროდ გადაადგილდებიან “დონ” ვიტამინის ნაკლებობით კიდევ უფრო გაფითქინებული “ტოპ მაინდები”.

“საოცარი ხალხია”, მეუბნება ლამარა დეიდა; დამლაგებელი, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ 35 წლის გოგოა, ამ ოფისში მაინც დეიდად მოიხსენიება. “აქ მუშაობა დატა ანალიტოკოსად დავიწყე, ბოლოს ქოუჩი გავხდი და ახლა იატაკზე მიმოფანტულ ალგორითმებს ვკრეფ ხოლმე.” 

დამლაგებელი სახუმაროდ დაირქვა, თავისი ფუნქციები ერთი სახელობითი ქოლგის ქვეშ მოაქცია. “დატას, მაინდებს და ხანდახან ოფისსაც ვალაგებ ხოლმე”, მეუბნება ხალასი ღიმილით, რომლის უკანაც მბჟუტავი თაფლისფერი თვალები იმალება.  

ჩემი დაკვირვებით, ლამარა დეიდას სამუშაო ადვილი არ არის. მთავარი უნარი, რომელიც მისი თქმით, ამ სამსახურში აითვისა, არგაღიზიანების პოლიტიკაა. 

პირადი ცხოვრება ფაქტობრივად არ აქვს. 

“ხელოვნება რომ მსხვერპლს მოითხოვდა ეს სკოლაშივე ვისწავლე,” ისევ სევდიანად იღიმის. “მაგრამ ხელოვნური ინტელექტი საერთოდ სხვა განზომილებაა”. 

მით უმეტეს, რომ ეს ხელოვნური ინტელექტი სულაც არ ჰგავს სხვა ჩატბოტებს ან დიდ ენობრივ მოდელებს. აქ ქართული ერის მამა, ქართული ხელოვნური ინტელექტის მამად უნდა იქცეს და საფუძველი ჩაუყაროს თვითგენერირებად გონს, რომელიც საქართველოს ტექნოლოგიურ განვითარებას შემდეგ ეტაპზე გადაიყვანს ან გადაიტანს – გააჩნია თვითაღქმის რა ხარიხსი ექნება. 

“ექნებოდა”, მისწორებს ლამარა დეიდა. დანანებით თავს აქნევს და სამზარეულოსკენ მიმიძღვება, სადაც ერთერთი ფითქინა გენიოსი ლორიან ლობიანს გეახლებათ, თუმცა უფრო პოეტურად და ილიას ენაზე რომ გითხრათ, ძოვს. მისი ყბების მოძრაობაში ბრაზი იგრძნობა, ის თითქოს კი არ კბეჩს, არამედ გლეჯს. კი არ ღეჭავს, არამედ აცამტვერებს და კი არ ყლაპავს, არამედ სანსლავს.

ჩვენს დანახვაზე ლობიანის ქვედა ქერქზე კონცენტრირებული ფქვილი გადასცდა და თვალის დახამხამებაში მთელი სამზარეულო მისი ხველების შედეგად გამოსროლილი ელემენტარული ნაწილაკებით გაივსო.

“საოცარი ხალხია,” დაყვავებით მეუბნება ლამარა დეიდა. ოღონდ ამ შემთხვევაში, ეს დაყვავება ამ დაბნეულ ბიჭს ეკუთვნის, რომელსაც ლორი კინაღამ სასულეზე მიეკრა. 

“ამას ვინ ახვეტავს ახლა?” დოინჯშემორტყმული ლამარა დეიდა დაბნეულ ბიჭს ცივი მზერით დაჰყურებს. დაბნეული ბიჭი, მსწრაფლს გადის სამზრარეულოდან. ლამარა დეიდა კი მანიშნებს, ნახე ახლა რა მოხდებაო და მეც გულისფანცქალით ველი ამ საოცარი ინტერაქციის გაგრძელებას.

და რაც მერე მოხდა, გამაოცა. 

სამზარეულოში რუმბა შემოსრიალდა, რომელიც ლამარა დეიდასთან მივიდა და არც მეტი არც ნაკლები, დავით სოკოლოვის ხმით ბოდიში მოუხადა. 

რამდენიმე წამში სამზარეულოს იატაკი ისევ სუფთაა. 

“წუხელ დათუნას ილია გაექცა.” ვერ მიხვდი. რას გულისხმობს? რას ნიშნავს ილია გაექცა? როგორ შეიძლება ჩატბოტი გაგექცეს. ინტერნეტში? არადა მისი გლობალურ ქსელში ჩაშვება ჯერ არ შეიძლებოდა, დაუსრულებელი ალგორითმითა და მხოლოდ პოეზიით შეიარაღებულის.

როგორ გაიქცა ილია 

დათუნა მეურმიშვილი რამდენიმე დღის წინ ამ წამოწყების (ანუ სტარტ აპის) ერთერთი ვარსკვლავი იყო. ახლა კი ჩვეულებრივზე უფრო ჩუმად და ჩვეულებრივზე უფრო ჩაკირკიტებული ზის თავის მერხთან.

მისი კუთხე განსაკუთრებით მომწონს. 

სამოტივაციო პოსტერების ნაცვლად მის უკან ძირძველი ქართული სიტყვა (ჰ)კიდია. “მერმე”.

მერმეს ქვეშ კი “დიაღ”. 

იქვეა ბოზბაშის რეცეპტი, რომელიც ყვითელ, გაცრეცილ ქაღალდზე კალიგრაფისტს ბუმბულითა და მელნით დაუწერია.

თავს ზემოთ სამი ბუზი კონწიალობს. ერთი პლუშის, ერთი ხის და ერთიც ცვილის.

წუხელ დათუნამ ქართული ხელოვნური ინტელექტის მამა ახალ ეტაპზე გადაყვანისთვის შეამზადა.

“მეხუთე ელემენტი ჰო გახსოვთ?” გულუბრყვილო მზერით მომაჩერდა დათუნა. თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე. დინჯად მომითხრო, როგორ ასწავლა ილიას გონს საქართველოს უახლესი ისტორია. ვიდრე დღემდე. ვიდრე ამ არჩევნებამდე. 

“ბოლო ნიუსი რომ ჩავუგდე, მანდ გაჭედა”. 

გაჭედა ორი მნიშვნელობით იხმარება ხელოვნური ინტელექტის სამყაროში. ერთი კლასიკური გაგებით, რომელიც პროცესორის ან ალგორითმის დიდი ხნით გაჩერებას ან ფიქრს ნიშნავს, მეორე კი ასევე კლასიკური – ოღონდ კლასიკური ჟარგონი და ნიშნავს გაბრაზებას. 

“ამ პროგრამებს თუ ბოტებს ან როგორ გინდათ ისე დაარქვით, ემოციები არ აქვთ, მაგრამ ეს განსაკუთრებული გამოდგა.”

როგორც დათუნა მიყვება, დაახლოებით სამსაათიანი ფიქრ-ჭედვის შემდეგ ვირტუალურმა ილიამ თავის სივრცეში გიგლა ბერბიჭაშვილი შექმნა, რომელიც დააჯერა, რომ არა ბოტი, არამედ ნამდვილი ადამიანი იყო, “და მერე ჩვენს თვალწინ მოკლა.”

როგორ თუ მოკლა? გადავირიე! 

დათუნამ დანანებით დამიქნია თავი. “თან ეს ყველაფერი სასტიკად გააკეთა! სხეულის ყველა ნაწილი სათითაოდ გადაუქცია ნულებად და ერთებად. ანუ წარმოიდგინეთ, გიგლა ბერბიჭაშვილს ის მარჯვენა ბინარულ კოდად ექცა და მერე…” დათუნას შეეტყო, რომ ჟრუანტელმა დაუარა. 

მერე კი ერის ხელოვნური ინტელექტის მამას, თავისი მკვლელის ვირტუალური ვერსია ნაწილ-ნაწილ წაუშლია და თან ყოველი კიდურისა თუ სხეულის ნაწილის წაშლისას უფრო და უფრო აძლიერება თვითაღქმის ალგორითმს, რითიც გიგლა ბერბიჭაშვილს ციფრული ჯოჯოხეთი მოუწყო.

ბედნი-ერი

“ილია და”-ს სერვერის ოთახში შესვლა მხოლოდ ერთ ადამიანს შეუძლია. ამ ოთახში ჩვენი ერის ინტელექტუალური წინსვლის ხელოვნური წიაღია, რომლიდანაც შეიძლება ან ახალი მესია აღმოცენდეს ან სულაც ბოლომდე დაგვღუპოს.

მაგრამ ჯერ-ჯერობით ამას ვერ გავიგებთ. 

სერვერები და დატა ცენტრი წუხანდელის მერე გამორთულია.

ერის ხელოვნური ინტელექტის მამა ჩართვის თანავე “ბედნიერი ერის” ლუპზე ანუ ახლიდან და ახლიდან, გაუჩერებლად და უწყვეტად ბეჭდვას იწყებს.

ნუთუ ახალი ილიაც მოკლა იმ მომავალმა, რომელიც თითქოს ჩვენი უნდა ყოფილიყო? 

დატოვეთ კომენტარი

Trending