მსოფლიო, დედამიწა – ჩიტი News-ის გუნდი დაბრუნებული არ იყო, რომ კულუარებიდან ინფორმაცია გამოგვაწოდეს. როგორც ყოველთვის, პოზიტიური და შთამაგონებელი ცნობებით ვიწყებთ.
როგორც გაირკვა, ბიძინა ივანიშვილის ხელზე მითათუნებით ინსპირირებულმა ლადო კახაძემ მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა და სხვადასხვა ხელებზე მითათუნება გადაწყვიტა.
“ეს იქნება მსოფლიოს დეპოლარიზაციისა და პირველი ლოყის როლის რებრენდიზაციის დასაწყისი,” განაცხადა აცრემლებულმა ლადო კახაძემ ჩიტის კულუარულ წყაროსთან საუბარში. “ვიდრე ვინმე ერთ ლოყაში გაგვაწნავს, ჩვენ უნდა მივეთათუნოთ და ამით მეორე ლოყაში არტყმა თავიდან ავიცილოთ.”
პილიგრიმული მისია, რომელსაც კახაძე დღესვე დაიწყებს, “ქართული ოცნების” პოსტ-საარჩევნო კამპანიის პირველი ეტაპი იქნება. “აირჩიე თათუნი”-ს სლოგანის მქონე მაისურები უკვე დაბეჭდილია და მსურველებს “ქართული ოცნების” რეგიონულ ოფისებში შეეძლებათ უფასოდ მიღება.
იმდენად რამდენადაც, საქართველოში არსებულ ყველაზე მნიშვნელოვან ხელს უკვე მიეთათუნა, “ქართული ოცნების” დეპუტატი პირდაპირ მსოფლიო ხელებს მიაკითხავს.
ჩიტს ექსკლუზიურად მიუწვდა ხელი (რომელზეც კახაძე არ მოგვეთათუნა) მოსათათუნებელი ხელების სიაზე და მას უცვლელად გთავაზობთ:
- ქრისტეს ქანდაკება რიო-დე-ჟანეიროში

როგორ “ქართული ოცნების” ყველა მნიშვნელოვან ნაწილაკს შეეფერება ლადო კახაძე პირველად ბრაზილიას ესტუმრება და ქრისტეს ქანდაკების ხელს მიეთათუნება. ჩვენი ინფორმაციით, კახაძეს ამ პროცესის ჩასატარებლად სამი გზა შესთავაზეს:
- კიბის მიდგმა და ზედ აბობღება
- ვერტმფრენიდან ფეხებით ჩამოკონწიალება და ქანაქარიზაცია
- კატაპულტით ტყორცნა და ყვრიმალით გახახუნება.
ჯერ-ჯერობით უცნობია, რომელ გზას აირჩევს კახაძე. თუმცა, არსებობს ვერსია, რომ ამ არჩევნას მის ნაცვლად ბრაზილიაში მოღვაწე სხვა ქართველი გააკეთებს. და ესეც გარკვეული სიმბოლიზმით იქნება დატვირთული.
2. სიქსტეს კაპელას ღმერთის ხელი

იმავე ხელსაწყოებითა და ხერხების გამოყენებით, ლადო კახაძე ღმერთის ხელს სიქსტეს კაპელაშიც მიეთათუნება.
მითათუნების ეს რიტუალიც სიმბოლური იქნება და ადამის შექმნის ნაცვლად მიქელანჯელოს დახატული ხელი ამ შემთხვევაში ახალი ქართველი კაცის სახე-ხატებას შექმნის, რომელიც ბატონ ბიძინას უნდა ეთათუნოს და ყველას მაგალითი მოგვცეს სწორი, ზრდილი და მადლიერი ქცევისა.
გარდა ამისა, ეს მითათუნება იქნება ერთგვარი ხიდი, რომელსაც კახაძე სხვადასხვა გლობალურ პარტიების დასანახად, 1054 წლის დიდი სქიზმის მრავალსაუკუნოვან ნაპრალზე გადებს.
3. ვენერა მილოსელის ხელი (ნებისმიერი)

არსებობდა მოსაზრება, რომ კახაძე ბაზრის უხილავ ხელს მიეთათუნებოდა, მაგრამ ის სხვა პოლიტიკური პარტიის საკუთრებაშია.
ამიტომ ლადო კახაძე დროებით ვენერა მილოსელის ხელებს ეახლება, თვალებს დახუჭავს და წარმოიდგენს, რომ ამ შედევრის დაკარგული ხელებიც ისეთივე თბილია, როგორც ბატონი ბიძინასი.
ჩიტის ინფორმაციით, ქართველ დეპუტატს ამ ინტერაქციის წარმოსახვა არ გაუჭირდება, რადგან ბატონი ბიძინას ხელის სითბოს გონში, გულსა და სულში ატარებს.
ცხადია, არც ვენერაზე მითათუნება იქნება უსიმბოლო. ამ შემთხვევაში ბერძენი ქალღმერთის უხილავი ხელი, საქართველოს ნათელ მომავალს წარმოადგენს.
4. მეფე მიდასის ხელი

ბოლო ხელი, რომელსაც ლადო კახაძე თავისი ნებით მიეთათუნება მეფე მიდასის ახლად აღმოჩენილი ხელია.
მოგეხსენებათ, ის ვინც ან რაც ამ ხელს შეეხება მაშინვე ოქროდ იქცევა და ლადო კახაძის მისიის დასასრულიც სწორედ ბაჯაღლოდ გარდასახვით დასრულდება.
თავად კახაძე ამბობს, რომ ეს იქნება ერთგვარი საჩუქარი და მადლიერება ბატონი ბიძინას მიმართ, რომელმაც მილიარდები დაკარგა გლობალური ომის პარტიისთვის წინააღმდეგობის გაწევისას.
დეპუტატს ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი რა პოზაში გაოქროვდება და ქართველ ერს სთხოვს ვერსიები ფეისბუკზე მისწერონ. საუკეთესო ვერსიის ავტორს კი საჩუქრად 30 ვერცხლი გადაეცემა.
+1 ანუ ბონუს ხელი: ჯგუფ-ხელი
ბაჯაღლო ლადო კახაძე მსოფლიოს გარშემო მოგზაურობას წრეზე დაასრულებს და კვლავ ბატონ ბიძინას მიეთათუნება.
რადგან ოქრო მძიმეა, მითათუნებაში კახაძეს ოქროსმედალოსანი ძალოსანი ლაშა ტალახაძე დაეხმარება და ბატონ ბიძინას მიადებს.




დატოვეთ კომენტარი