პატრულის გამოძახება ფასიანი ხდება

9,176 ნახვა 0 სგ
0 სგ

თბილისი, 24 იანვარი - საქართველოს პარლამენტმა ერთი მოსმენით ახალი კანონპროექტი მიიღო, რომლის მიხედვითაც 1-ლი თებერვლიდან 112-თან ერთად 022-ის სერვისიც ფასიანი გახდება.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ოთარ თოიძის აზრით, საზოგადოებამ ყველანაირად უნდა შეუწყოს ხელი ქვეყანაში ძალოვანი ინსტიტუციების მოძლიერებას, რათა მათ უკეთ შეძლონ მოქალაქეების დაცვა. „2012 წელს ჩვენი ქვეყნის მთავარი დევიზი იქნება "ხელი ხელს ბანს", შესაბამისად, მთელი საზოგადოება ბოლომდე უნდა დაგვიდგეს გვერდში.“ - დასძინა თოიძემ.

პატრულის გამოძახების ტარიფები განსხვავებული იქნება თბილისის უბნების და პიროვნების ეკონომიკური მდგომარეობის მიხედვით.

ჩვეულებრივი და ოდნავ გაჭირვებული მოქალაქეებისთვის, ცენტრში (ვერა, ვაკე, მთაწმინდა, სოლოლაკი, საბურთალო) პატრულის გამოძახების წამოწყება ფიქსირებულად 1 ლარი იქნება, ხოლო ყოველი მომდევნო წუთი 22 თეთრი. გარეუბნებში (ვარკეთილი, ვაზისუბანი, თემქა, ნახალოვკა, დიღომი, გლდანი) პატრულის გამოძახების ფიქსირებული ტარიფი მოქმედებს და უბნების მიხედვით 3-დან 10 ლარამდე მერყეობს. (დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული: http://police.ge/tarifebi)

ანგარიშსწორება რამდენიმე ხერხით იქნება შესაძლებელი:

  • ნომერზე წინასწარ ჩარიცხული თანხის მეშვეობით - თქვენს ნომერზე „საპატრულო მომსახურეობის“ ანგარიშზე ჩარიცხვა შეგეძლებათ Paybox-ის, TBCpay-ს და MOBIPAY-ს მეშვეობით. სერვისის სპეციფიკიდან გამომდინარე, მომსახურე კომპანიები ტრანზაქციისთვის მომსახურების საკომისიოს არ ჩამოჭრიან.
  • სპეციალური ბარათებით Police Pay Card, რომლებიც შეგიძლიათ შეიძინოთ მაღაზიებსა და საპატრულო პოლიციის შენობებში, ასევე ხელზე საპატრულო ეკიპაჟებთან. მათზე დაწერილი იქნება 13 ნიშნა კოდი. 022-ზე დარეკვისას, ოპერატორთან დაკავშირებამდე თქვენ მოგიწევთ ამ კოდის შეყვანა (იმ შემთხვევაში თუ ავტომოპასუხესთან შესაბამის ფუნქციას აირჩევთ) და თანხა სწორედ ამ ბარათიდან ჩამოგეჭრებათ.
  • ნაღდი ანგარიშსწორება - ამ შემთხვევაში ფულის გადახდა პირადად პატრულის ოფიცერისთვის მოგიწევთ. პატრულის ეკიპაჟებს უკვე დაურიგდათ მობილური სალარო აპარატები, შესაბამისად ნაღდი ანგარიშსწორების შემთხვევაში, ისინი ჩეკს ამოარტყამენ.

სოციალურად დაუცველი ფენისთვის შინაგან საქმეთა სამინისტრო სპეციალურ ვაუჩერებს გამოუშვებს. თუმცა, ბიუჯეტის ოპტიმიზაციის ფონზე, შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი შოთა უტიაშვილი აცხადებს, რომ კარგი იქნება, თუ გაჭირვებული ადამიანები ნაკლებად გაეხვევიან შარში.

თბილისის გარდა სხვა დიდ ქალაქებსა და რეგიონებში 022-ის სერვისით სარგებლობა ჯერჯერობით კვლავ უფასო იქნება.

კომენტარები