კიკვიძის ბაღში ახალი ძეგლი დაიდგმება

7,303 ნახვა 0 სგ
0 სგ

თბილისი, 22 თებერვალი – თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, კიკვიძის ბაღში ახალი ძეგლი დაიდგმება. ქანდაკება დედამიწის ფორმის იქნება და კონტინენტების მაგივრად ზედ ფილტვები იქნება გამოსახული. კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსი გოგი ყოჩიშვილი აცხადებს, რომ ეს ქანდაკება პლანეტაზე გაჩეხილი ტყეების მემორიალი იქნება, რათა თითოეულ ჩვენგანს შეახსენოს, როგორი მნიშვნელოვანია ხეები და მცენარეები კაცობრიობისთვის. “ძეგლის პედესტალზე წავაწერთ გენიალურ ქართულ ფრაზას: ტყე შეუნახე შვილებსა, მამა ხარ, შენი ვალია”, – დასძენს ყოჩიშვილი.

იმ ადგილას, სადაც ქანდაკება უნდა დაიდგას, თბილისის მერიამ რამდენიმე ხე მოჭრა, რომელიც ყოჩიშილის განცხადებით საპატრიარქოსთან არსებულ “ქრისტესმიერ დურგალთა წრეს” გადაეცემა სხვადასხვა ნაკეთობების შესაქმნელად. მოგეხსენებათ, საპატრიარქოც აქტიურად არის ჩართული საქართველოს გამწვანების პროგრამაში, რის გამოც 25 მილიონ ლარს იღებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, იგი სულ მალე გარემოს დაცვის სამინისტროს ფუნქციასაც შეითავსებს, რადგან აღნიშნული სამინისტრო ფაქტობრივად გაუქმებულია, ბიუჯეტიდან მხოლოდ 9 მილიონით ფინანსდება და ერი კი მხოლოდ პატრიარქის მოწოდებას ისმენს ხეების დარგვის შესახებ.

ახალ ძეგლს თბილისის მერი გიგი უგულავა და პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გახსნიან.

ფოტო: დავით გოგიშვილი

კომენტარები