ბიძინა ივანიშვილმა ქართველთა სულები ჯოჯოხეთიდან გამოისყიდა

12,950 ნახვა 0 სგ
0 სგ

განსაწმენდელი, 18 ოქტომბერი - მას შემდეგ, რაც საქართველოს საპატრიარქოს თხოვნით ბიძინა ივანიშვილმა ქართველთა სულები ჯოჯოხეთიდან გამოისყიდა, განსაწმენდელში ორგანიზაციული განუკითხაობაა. განსაწმენდელის თანამშრომელთა განცხადებით, ქართველები არავის და არაფერს ემორჩილებიან და ხშირია შემთხვევა, როდესაც გზააბნეული სული გაუფრთხილებლობის გამო ცეცხლში ვარდება და სულიერ დამწვრობებს იღებს.

მოგეხსენებათ, ჯოჯოხეთიდან გამოსყიდვის შემდეგ სულების მიღებაზე სამოთხემ ოფიციალურად განაცხადა უარი, თუმცა, მიმდინარეობს მოლაპარაკებები და ექსპერტების აზრით, ქართველები რუსეთის WTO-ში შესვლამდე მოახერხებენ სამოთხის ზღურბლის გადალახვას.

პროსახელისუფლებო არხების ინფორმაციით, ივანიშვილმა სულები და მათი ოჯახები მოატყუა და მათ გაშვებას არსადაც არ აპირებს, როგორც იმედი და რეალ ტვ იუწყებიან შესაძლოა ივანიშვილმა მკვდარი სულები არჩევნების გასაყალბებლად გამოიყენოს.

ჯერ-ჯერობით უცნობია, რა თანხა დაუჯდა ქართველ მილიარდერს ქართველების გამოსყიდვა. ჩიტის გუნდმა შეძლო მოეპოვებინა ინფორმაცია რამდენიმე ტრანზაქციის შესახებ. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, სტალინისა და ბერიას სულები 10 მილიონამდე დაჯდა, თუმცა, შედეგით ყველა კმაყოფილია, რადგან სტალინის ხატების დაწერა და კურთხევა ახლა უკვე ლეგალურ-კანონიკურ ხასიათს მიიღებს.
მხედრიონელებისა და ძველი ბიჭ-ბუჭების სულები რამდენიმე ათეული ათასი ლარიდან იწყება და 100 ლარამდე ჩამოდის.

გამოსყიდვის ოპერაციის ხელმძღვანელთან, ავთანდილ უნგიაძესთან დაკავშირება ამ დრომდე შეუძლებელია. როგორც კულუარებიდან გვატყობინებენ, მას რაღაც პრობლემა შეექმნა ჯოჯოხეთიდან გამოსვლისას და ის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე შეაყოვნეს.

"ქართუ ჯგუფის" ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, ამ დღეებში დაიწყება ცოცხალი სულების გამოსყიდვაც.
"თუ თქვენ სული ეშმაკს მიჰყიდეთ და გსურთ გამოისყიდოთ, მოგვმართეთ ჩვენ. აუცილებლად დაგეხმარებით და აგიხდენთ ქართულ ოცნებას", - ნათქვამია ოფიციალურ პრესრელიზში.

კომენტარები