ჯეოსელმა თბილისი ბორდელს დაამსგავსა

9,284 ნახვა 0 სგ
0 სგ

იასამნისფერი თბილისი, 15 მარტი - წელს კომპანია "ჯეოსელი" 15 წლის იუბილეს აღნიშნავს, რასთან დაკავშირებითაც თბილისში სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე შესამჩნევი "აქცია" უკვე რამდენიმე დღეა მიმდინარეობს - ქალაქის ცენტრალური ქუჩების და მათზე მდებარე შენობების გარე განათებებს იასამნისფერი ფილტრები დაუყენდა. ჩანაფიქრის მიხედვით, ქალაქი ღამის პერიოდში იასამნისფრად უნდა ყოფილიყო განათებული, თუმცა დღეს უკვე ყველა აღნიშნავს, რომ ქუჩები "იასამნისფრად ჩაბნელდა", რაც მოსახლეობას დისკომფორტს უქმნის.

"გარდა იმისა, რომ იასამნისფერი უფრო ნაკლები სიმძლავრით ანათებს და ფეხით გადაადგილება გართულდა, იგი ერთგვარ ეროტიულ ატმოსფეროსაც ქმნის, რის გამოც ბოლო სამი დღეა რუსთაველზე დედაჩემთან ერთად ვერ გამივლია" - განაცხადა ჩიტთან საუბრისას თბილისის მოქალაქემ. ჯეოსელში აცხადებენ, რომ თავიდანვე არ გამორიცხავდნენ მსგავს ასოციაციებს: "ჩვენ გავთვალეთ მსგავსი გამოხმაურებაც, თუმცა ეს დადებით ფაქტად ჩავთვალეთ. თუ ჩვენმა კამპანიამ მომხმარებლებს ეროტიული სერვისის დაწესებულებასთან ნოსტალგიური გრძნობები გაუღვივა, ეს მხოლოდ გაგვახარებს - ბევრისთვის ხომ პირველი მობილური ოპერატორიც სწორედ ჯეოსელი იყო".

ჩვენი ინფორმაციით, ეს აქცია თბილისის მერიისა და ჯეოსელის ერთობლივი პროექტია. ქალაქის მუნიციპალიტეტში განმარტეს, რომ თბილისს მალე დაუბრუნდება "სინათლის ქალაქის" სტატუსი და საგანგაშო არაფერია. "ქუჩების გაიასამნისფრება ორმაგ დატვირთვას ატარებს. ერთის მხრივ, ეს ჯეოსელის საიმიჯო კამპანიაა; მეორეს მხრივ კი - ერთგვარი მოდელირებული 90-იანები, რათა მოსახლეობას კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რა სიტუაცია იყო ქვეყანაში ვარდების რევოლუციამდე და როგორი საშიში იყო ჩაბნელებულ ქალაქში მოძრაობა" - ნათქვამია მერიის ღამის სამსახურის ოფიციალურ განცხადებაში.

როგორც მერიაში აცხადებენ, ქალაქის იერსახის სარეკლამოდ "გაქირავება" საკმაოდ შემოსავლიანი პროექტი გამოდგა ადგილობრივი ბიუჯეტისთვის. ამიტომ, მათ უკვე დაიწყეს მუშაობა სხვა კომპანიებთან და უახლოეს მომავალში თბილისელებს ახალი სიურპრიზებიც ელით. ასე მაგალითად, "საქართველოს ბანკის" დაკვეთით, აგვისტოს ცხელ დღეებში ქალაქში ნარინჯისფერი სითხით გაბერილი ბუშტები იფრენენ და სხვადასხვა ადგილებზე გასკდებიან; "წყალი მარგებელის" ინიციატივით, პირველ იანვარს თბილისელთა ონკანებიდან ნაბეღლავი წამოვა; ხოლო "ლიბერთი ბანკის" ლოგოტიპი კი ირემაშვილისა და შატილის ქუჩების გადაკვეთაზე არსებულ წითელ მიწისზედა გადასასვლელზე განთავსდება.

ჯეოსელის "იასამნისფერი თვე" კი ამით არ სრულდება. კომპანიას კიდევ რამდენიმე აქცია აქვს დაგეგმილი - მაგალითად, 19 მარტს ქალაქში ჯეოსელის ლოგოს ფორმის ქვების წვიმა წამოვა, 23 მარტს კი, ერთი დღით, მობილური ქსელი შეფერხებების გარეშე იმუშავებს.

კომენტარები