თბილისი, 1 აგვისტო - ადგილობრივი მამაკაცი, რომელიც სიტყვაძუნწობით გამოირჩევა მხრებს იჩეჩს. ჯერ-ჯერობით უცნობია თუ კონკრეტულად რა გახდა ამის საფუძველი. ოჯახის წევრების ვარაუდით ეს შეიძლება ყველაფერმა ერთად გამოიწვია. როგორც მამაკაცის მეზობელი აცხადებს ამ დილას უცნაური არაფერი შეუმჩნევია, "ის ჩვეულად წავიდა მაღაზიაში პურზე, გზაში შემხვდა და გამარჯობის ნიშნად თავი დამიკრა." - განაცხადა რამაზ ს.-მ, რომელმაც თავისი ვინაობის ბოლომდე გამხელა პოლიტიკური თუ კულტურული წინასწარგანწყობების გამო არ ისურვა.
ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ამჟამად საკუთარ სახლში იმყოფება და სავარძელში მოკალათებული ბეჭდურ პრესას ეცნობა. ექსპერტების თქმით, საგანგაშო არაფერი, რადგან მამაკაცი უბრალოდ ფიქრმა გაიტაცა და საკუთარ ქვეცნობიერთან კომუნიკაციაში შევიდა. "მესმის, რომ ფიქრი ჩვენში ძლიერ გავრცელებული არ არის და ყველა გადაწყვეტილება ნაჩქარევად და ემოციურად ხდება, მაგრამ მერწმუნეთ, საკუთარ თავთან რაღაც საკითხების გავლა, დალაგება და კამათიც კი ნორმალური მოვლენაა." - განაცხადა ექსპერტმა და ხელები გაასავსავა.
აღნიშნულთან დაკავშირებით ჩიტის რედაქცია მუშაობას აგრძელებს და სიახლის შემთხვევაში მყისიერად მოგაწვდით ინფორმაციას.