დიმა ჯაიანმა ელტონ ჯონს ღალატი ვერ აპატია

3,849 ნახვა 0 სგ
0 სგ

თბილისი, 8 აგვისტო – სკანდალურად ცნობილი და ყველასათვის ნერვების მომშლელი გაზეთი “პრაიმ ტაიმი” მსახიობ დიმა ჯაიანისა და მომღერალ ელტონ ჯონის ურთიერთობის შესახებ საკანდალურ ინფორმაციას აქვეყნებს.

ტაბლოიდის ჟურნალისტი ჯაიანის და ლეგენდარული ბრიტანელი მომღერლის ურთიერთობით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ერთ–ერთ ქართულ ჟურნალთან ინტერვიუში სოხუმის თეატრის ყოფილმა ხელმძღვანელმა ელტონ ჯონის 200–მდე ფირფიტის გადაყრის ფაქტზე ისაუბრა: “ჩემი უსაყვარლესი მომღერალი იყო ელტონ ჯონი. მისი სიმღერების ორასზე მეტი ფირფიტა მქონდა, მაგრამ როცა მისი "გათხოვების" ამბავი გავიგე, ყველა გადავყარე.” – განაცხადა ჯაიანმა “რეიტინგთან” საუბარში.

“პრაიმ ტაიმის” რედაქტორი თაკო ფხაკაძე ჩიტთან საუბრისას აცხადებს, რომ ჯაიანის განცხადებამ ძალიან დააინტერესა: “როცა სტატია წავიკითხე, მივხვდი რომ ასე მარტივად არ იქნებოდა საქმე, არ მეგულება ავადმყოფურად ჰომოფობიური ადამიანი, რომელიც საყვარელი მომღერლის ფირფიტების კოლექციას ასეთი მიზეზით შეიძულებს. მითუმეტეს, რომ ბატონმა დიმამ და მსოფლიომ ელტონ ჯონის სექსუალური ორიენტაციის შესახებ უკვე დიდი ხანია იცის, თან Queen–ის ფირფიტების დიდი კოლექციაც აქვს ბატონ დიმას და ისინი არ გადაუყრია.” ფხაკაძის თქმით ეჭვის გაჩენის შემდეგ მან ერთ–ერთ ჟურნალისტს საქმის გამოძიება დაავალა და შედეგიც მიიღო.

“პრაიმ ტაიმის” სტატიაში ჯაიანის და ელტონ ჯონის ახლო მეგობრები მსახიობი რუპერტ ევერეტი და მომღერალი ჯორჯ მაიკლი აცხადებენ, რომ ბატონ დიმას და სერ ელტონს დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდათ რომანი, რომელიც მას შემდეგ შეწყდა რაც დიმა ჯაიანი საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ვეღარ გახდა. “დიმიტრი მაშინ ძალიან ღრმა დეპრესიაში იყო, ელტონი ბოლომდე უწყობდა ხელს, მაგრამ მათი ურთიერთობა ჩიხში შევიდა და საბოლოოდ დაშორდნენ ერთმანეთს” – აცხადებს ევერეტი. ჯორჯ მაიკლი ჯაიანის გაფჭებული ხასიათის შესახებ მოგვითხრობს და აცხადებს, რომ სწორედ მისი რჩევით დაშორდა ელტონ ჯონი შეყვარებულს. “მე აღარ შემეძლო ამ ყველაფრის ყურება, ელტონი ყოველ ღამე ტიროდა, აურაცხელი რაოდენობის ნაყინს ჭამდა, ნორმალურ სიმღერას ვეღარ წერდა, თავისი ძველი სიმღერა ‘ნიკიტა’ – დიმიტრად გადააკეთა.”

“პრაიმ ტაიმში” გამოქვეყნებულ სტატიაზე ჯერ–ჯერობით კომენტარს არ აკეთებს დიმიტრი ჯაიანი, რომელიც საეჭვოდ არ იღებს ტელეფონს.

კომენტარები