ღამის მერის ინიციატივით, ქუჩის მუსიკოსებს რეპერტუარი უბნების მიხედვით განესაზღვრებათ

8,859 ნახვა 0 სგ
0 სგ

სერგი გვარჯალაძის მიერ დღეს დილით გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის ქუჩის მუსიკოსებს, შესაძლოა, რეგულაციები დაუწესდეთ.

რეგულაციებს შორის ერთ-ერთი, მათი რეპერტუარის განსაზღვრაა. მოქალაქეებისა და ტურისტების ყურის დაცვის პროექტის ფარგლებში, მუსიკოსებს თბილისის უბნების მიხედვით, მხოლოდ კონკრეტული ჟანრის კომპოზიციების დაკვრის უფლება ექნებათ.

ინიციატივის დეტალები ამ დროისთვის უცნობია, თუმცა, ჩიტის წყაროს ინფორმაციით, განსაკუთრებულად დახვეწილი პროგრამა ვაკის და თბილისის ტურისტული ზონების მუსიკოსებს შეეხებათ.

მაგალითად, ჭავაჭავაძის, აბაშიძის და მიმდებარე ქუჩებზე, დღის საათებში მხოლოდ ჯაზის და ბლუზის ჰანგების გაჟღერება იქნება ნებადართული. საღამოს პერიოდში კი, ამ სიას შესაძლოა დაემატოს ემბიენტი, გემოვნებით.

ადგილობრივების განცხადებით, აღნიშნული რეგულაცია ხელს შეუწყობს როგორც აბორიგენი მაცხოვრებლების კულტურული ავტონომიის დაცვას, ასევე, შეაფერხებს მიგრანტთა შემოდინებას სხვა უბნებიდან, რომლებიც, შესაძლოა, მიუჩვეველნი იყვნენ გემოვნებიან მუსიკას, ვერ აიტანონ ეს ცვლილება და დაუბრუნდნენ წარმოშობის ადგილებს.

მტკვრის მარცხენა სანაპიროდან გამორჩეულია წერეთლის მიდამოები, სადაც პრიორიტეტულ ჟანრად ტექნო დასახელდა.

ასევე ცნობილი ხდება, რომ თბილისის გარეუბნებისა და საქართველოს სხვა ქალაქებისთვის ერთიანი, ბევრად თავისუფალი რეპერტუარი დამტკიცდება.

პროცესში ჩაერთვება საავტორო უფლებების დაცვის ასოციაციაც, რომელიც მუსიკოსების  შემოსავლის ავტორებზე გადანაწილებას უზრუნველყოფს. მათი თქმით, ირაკლი ჩარკვიანის შემოქმედების დაკვრის უფლება კვლავ მკაცრად გაკონტროლდება და ლიცენზია მხოლოდ იმ შემსრულებლებს ექნებათ, რომლებიც პირადად გაივლიან კასტინგს ქეთათოსთან.

კომენტარები