ოციოზდაათი: ნაციონალების ამომრჩეველს არც არაფერს დავპირებივართ

10,992 ნახვა 2 სგ
2 სგ

საზოგადოება ოციოზდაათი გადაცემა არჩევანის გუშინდელ გამოშვებას ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს. ჩიტი ამ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

“ჩვენ, საზოგადოება ოციოზდაათის დამფუძნებლები და ღირსეული წევრები პროტესტს გამოვხატავთ რუსთავი2-ის გუშინდელი პროპაგანდის გამო და ვაცხადებთ, რომ რუსთავი2-მა მაყურებელი კიდევ ერთხელ შეიყვანა შეცდომაში.

გადაცემაში ნაჩვენები გამოკითხული ადამიანები არასდროს (ხაზგასმით ვაცხადებთ) ყოფილან ქართული ოცნების ამომრჩევლები. საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში გაკეთებული გამოკითხვებში ლაპარაკობდნენ ადამიანები, რომლებმაც 2012 წლის პირველ ოქტომბერს არჩევნებზე შემოხაზეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, პარტია, რომელმაც ამ არჩევნებში წააგო და შესაბამისად დაპირებებიც ვერ შეასრულა. აქ ისმის კითხვა - რატომ თხოვს სხვისი ამომრჩეველი ქართულ ოცნებას დაპირებების შესრულებას?

ვფიქრობთ ესეც უდიდესი პრობლემაა ჩვენი საზოგადოების, რომ ადამიანები სწორ არჩევანს ვერ აკეთებენ და მერე მთავრობას თხოვენ დახმარებას. ალბათ დროა ყველა ოჯახმა, თვითოეულმა ადამიანმა ისწავლოს სწორი არჩევანის გაკეთება, ან დაიქირავოს კონსულტანტი, რომელიც დაეხმარება სწორი არჩევანის გაკეთებაში.

გუშინდელ გადაცემაში არაერთხელ გაჟღერდა უმუშევრობის პრობლემა. კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ ქართული ოცნების ყველა დანაპირი შესრულდა გადაჭარბებით. მათ შორის უმუშევრობის დაძლევის დაპირება - ვისი დასაქმებაც შეძლო ქართულმა ოცნებამ - ყველა დაასაქმა. ოცნების არცერთი ამომრჩეველი არ დარჩენილა უსამსახუროდ. ყველა დასაქმდა როგორც საჯარო, ისე სამოქალაქო სექტორში. აქაც ისმის კითხვა - რატომ უნდა დაესაქმებინა ქართულ ოცნებას ის ადამიანები, ვისაც ქართული ოცნება არ აურჩევია?

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა რუსთავი2-ს განზრახ შეცდომაში შეჰყავს მაყურებელი და ჟურნალისტები ისტერიული ტონით ცდილობენ ქვეყანაში ისტერიული ფონის შექმნას, თუმცა მათ ეს არ გამოუვათ, ქვეყანაში ყველაფერი არის ძალяან კარგად. ხოლო იმისთვის, რომ თქვენ დაინახოთ რეალური სურათი, ჩვენს მომავალ გადაცემაში, კვირას, შემოგთავაზებთ ქუჩის გამოკითხვას, სადაც ჩავწერთ მხოლოდ ქართული ოცნების ამომრჩევლებს. საზოგადოება ბოლოსდაბოლოს გაიგებს და დაინახავს, რომ ვინც 2012 წლის ოქტომბერში ქართული ოცნება აირჩია, ის დღეს კარგად ცხოვრობს. ნაციონალების ამომრჩეველს კი ჩვენ არც არაფერს დავპირებივართ.”

კომენტარები