მთავრობამ შესაძლოა კალენდარი შეცვალოს

2,769 ნახვა 0 სგ
0 სგ

დღეს გამართულ მთავრობის საგანგებო სხდომაზე ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობა კიდევ ერთხელ განიხილეს. როგორც ცნობილი გახდა, ლარის კურსის გაჯანსაღებაზე ფიქრობენ არა მხოლოდ ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლები, არამედ სტატისტიკის სამსახურის წევრები, უცხოეთიდან მოწვეული ექსპერტები და რამდენიმე ინდიელი შამანიც კი.

როგორც სტატისტიკის სამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, კვლევებმა აჩვენა, რომ ლარის კურსის შესამჩნევი დაცემა სადღესასწაულო პერიოდში ხდება, რადგან ფულის განსაკუთრებით დიდი მასა მიედინება მიმოქცევაში. ამ პრობლემიდან შესაძლო გამოსავლად ჩიტის წყარო ორ ვერსიას ასახელებს: ან კალენდარი უნდა შეიცვალოს, ან სადღესასწაულო დღეები აიკრძალოს.

ინფორმატორზე დაყრდნობით მეორე ვერსია ნაკლებად სავარაუდოა, რადგან სადღესასწაულო დღეების აკრძალვა დიდ პროტესტს გამოიწვევს, რადგან ამას სარწმუნოების წინააღმდეგ გალაშქრებად ჩათვლის მოსახლეობა. რაც შეეხება კალენდრის შეცვლას, ეს იდეა პრემიერისთვის მისაღებია. "ამის მერე ვინღა გაიგებს როდისაა დღესასწაული და როდის არა, ჰოდა ხალხიც შეეშვება ტყუილად ფულის ფლანგვას. თუ უჭირთ, საიდან ეს ფული. არ მესმის რაში სჭირდება მოსახლეობას ეს საჩუქრები, თუკი ეკონომიკა ამით დაზარალდა. ამიტომაც არ ვუყიდე რვა მარტს ცოლს არაფერი" - განაცხადა ღარიბაშვილმა. "ერთი-ორი ნათესავის მერიაში დანიშვნა არ ითვლება" - დაამატა ბოლოს.

ევროპული არჩევანისა და ღარიბაშვილის ფრანგული განათლების მიღების სიმბოლოდ, გრიგორიანული კალენდრის ერთ-ერთ ალტერნატივად საფრანგეთის რევოლუციური კალენდრის შემოღება განიხილება, ხოლო თვეების სახელწოდებები ქართულ სულს გაუსვამს ხაზს. თვეების სახელების შერჩევისთვის მთავრობა კონკურსის გამოცხადებას აპირებს.

წელთაღრიცვა ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის და ამით ახალი ერის ათვლის დღიდან (2012 წლის 1-ლი ოქტომბრიდან) დაიწყება.

კომენტარები