პრემიერმინისტრი საცხოვრებლად ივანიშვილთან გადადის

10,819 ნახვა 1 სგ
1 სგ

თბილისი -  ინფორმაციას პრემიერმინისტრის პრესსამსახური ავრცელებს, როგორც ჩიტისთვის გამოგზავნილ პრეს-რელიზში ვკითხულობთ, ირაკლი ღარიბაშვილი დაიღალა ხმაურით და ქალაქში მოწყობილი დესტრუქციით, და როგორც საცხოვრებლად, ისე სამუშაოდ, ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრში გადადის, “სადაც შედარებით სიწყნარეა”.

პრემიერის ამჟამინდელი მეზობლები მოსალოდნელ ცვლილებას დადებითად აფასებენ. მოსაშვილის ქუჩაზე არსებული კაფე-ბარების მეპატრონეების პროფკავშირებმა დღესვე გავრცელებულ განცხადებაში პრემიერს გადაწყვეტილება მოუწონეს და სიხარული გამოხატეს, რომ ამიერიდან “ვაკეც თავისუფლად ისუნთქებს”.

ბიძინა ივანიშვილს ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია, თუმცა დავით საგანელიძემ ჩვენთან ამ საკითხის კომენტირებისას მხარზე ხელი მოგვიტყაპუნა და შინაურულად დასძინა, რომ ბატონ ბიძინას ასე დიდი ხანია არაფერი გახარებია, რადგან ბერას ამერიკაში წასვლის მერე ის საკმაოდ მარტო გრძნობდა თავს, პირველი ნოემბრიდან კი საშუალება ექნება ისევ “იტანტალოს ბიჭთან ერთად ბიზნეს-ცენტრში”. (შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილს ირაკლი ღარიბაშვილი შვილივით უყვარს. *ავტ. შენ.)

მნიშვნელოვან პოლიტიკურ ნაბიჯად შეაფასა პრემიერის გადასვლა ყოფილი პრემიერის სახლში ექსპერტმა რამაზ საყვარელიძემ და მისი პროგნოზით, პირველი ნოემბრიდან ირაკლი ღარიბაშვილის კისერი ნამდვილად დიდ შვებას იგრძნობს, ვინაიდან ყველას მოგვეხსენება, რაოდენ შემაღლებულზეა ყოფილი პრემიერის ბიზნეს-ცენტრი, საიდანაც საზოგადოებისთვის ზემოდან საცქერად კისრის დაძაბვა საჭირო აღარ იქნება.

ნაციონალურ მოძრაობაში კი ფიქრობენ, ეს ყველაფერი პრემიერის და პრეზიდენტის დაპირისპირების ფარგლებში გადადგმული ნაბიჯია, რომლითაც ირაკლი ღარიბაშვილი გიორგი მარგველაშვილთან ათანაბრებას ცდილობს.

საზოგადოებისთვის უცნობია ნუნუკას ეს ამბავი გაუხარდა თუ ეწყინა, ჩვენ კომენტარისთვის მის უახლოეს მეგობარ ოსკარ დე ლა რენტასთან ვცადეთ დაკავშირება, რომელიც დაგვპირდა, რომ როგორც კი გაიგებს რამეს, მაშინვე დაგვირეკავს.

კომენტარები