ირაკლი ღარიბაშვილს არაფრის გაგონება არ სურს

10,192 ნახვა 5 სგ
5 სგ

თბილისი - საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბოლო ორი საათია თავის კაბინეტში მაგიდის გარშემო დარბის, ხელები ყურებზე აქვს აფარებული და გამუდმებით გაიძახის: "ლალალალალალალა არ მესმის არა ლალალალალა არა არა არ მესმის არა ლალალალალალა." ღარიბაშვილმა ასეთი ქცევა მას შემდეგ დაიწყო, რაც რამდენიმე იურისტმა მას მოწიწებით წაუკითხა საქართველოს კონსტიტუციის 72-ე მუხლი. 

ციტატას კონსტიტუციის ხსენებული მუხლიდან ჩიტი უცვლელად გთავაზობთ: 

საქართველოს პრეზიდენტი:

ა) მთავრობასთან შეთანხმებით აწარმოებს მოლაპარაკებებს სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დებს საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს; 

კულუარული წყაროს ინფორმაციით, იურისტებს თავიდან ეგონათ, რომ პრემიერი ბერას სიმღერას "ლააა" მღეროდა. ამავე წყაროს ცნობით, ღარიბაშვილმა საქართველოს კონსტიტუციის დაბლოკვა სხვადასხვა ფრაზებითაც სცადა. "კრიჭი კრიჭი მაკრატელი, შენი სიტყვა გადავჭერიო, ასე გვითხრა. მერე მე ვუთხარი, რომ ასეთ მეთოდით კონსტიტუციას ვერ შეცვლიდა და ამისთვის საპარლამენტო კენჭისყრა იყო საჭირო. ო, ახლა მეზარება მაგის ჩალიჩიო და 25 რაკეტა შენი სიტყვა ჩაკეტაო მომაძახა." - აცხადებს ერთ-ერთი იურისტი ჩიტთან სატელეფონო საუბრისას, რომელიც რა თქმა უნდა არ ისმინებოდა.

მას შემდეგ რაც ღარიბაშვილმა ვერც 25 რაკეტით ჩაკეტა კონსტიტუცია, მაგიდის გარშემო სირბილი დაიწყო. ოთახში შეკრებილმა პირებმა ჯერკიდევ ვერ მოახერხეს მისი გამოჭერა და იმის თქმა, რომ პრეზიდენტმა თავისი უფლებამოსილება დროებით დაუთმო.

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ხელს ვინ მოაწერს, ჯერ-ჯერობით, კვლავ გაურკვეველი რჩება.

კომენტარები