17 მაისს ოჯახის სიმტკიცის აღლუმი გაიმართება

11,775 ნახვა 6 სგ
6 სგ

თბილისი - საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ 17 მაისის ოჯახის სიმტკიცის დღედ გამოცხადება თბილისში პომპეზურად აღინიშნება.

დღე საზეიმოდ გაიხსნება თბილისის საკონცერტო დარბაზის წინ, სადაც მრევლისა და სასულიერო პირების შეკრება იგეგმება. რის შემდეგაც, შეკრებილები ახლო მდებარე "ფუდ მარტის" წინ გადაინაცვლებენ და 2013 წლის 17 მაისს განვითარებულ მოვლენას მიაგებენ პატივს. შეგახსენებთ, რომ შარშან, სწორედ ამ ადგილას, 2000-ზე მეტი ადამიანს ერთი პირი ჰყავდა მომწყვდეული და მის ქრისტესმიერ-ლინჩის წესით გასამართლებას აპირებდა. აღნიშნულ წერტილში გადაიხდიან საზეიმო პარაკლისს, რის შემდეგაც გაიმართება ხრიდოლის ფედერაციის წარმოდგენა, რომლის ფარგლებშიც დადგმული იქნება სპექტაკლი "მეხრიდოლე ამარცხებს 69 გეის." 

გამოფენა მოეწყობა ორგანიზაცია იდენტობის ოფისის წინ, კინო სახლთან. სადაც ნამდვილი მართლმადიდებლები და ჰეტეროსექსუალები LGBT პირების ჯინაზე თავიანთი ოჯახის სიმტკიცისა და შეურყვნელობის ამსახველ ფოტოებს გამოფენენ. გამოფენა ღიაა და თავისი საოჯახო ფოტოს მიტანა ნებისმიერ მსურველს შეეძლება. ღონისძიების ფარგლებში იგეგმება გამოფენილი ფოტოებისა და მათზე ასახული ოჯახების კურთხევაც. იმ ოჯახებისთვის, რომელთაც ჯერ არ აქვთ შესაბამისი ფოტო, იმოქმედებს სპეციალური ფოტო-სტენდი და "კიკალა-სტუდიო" უფასოდ გადაიღებს საოჯახო ფოტოებს. 

რუსთაველის გამზირზე მთელი დღის განმავლობაში გაიყიდება საპატრიარქოს ნორჩ მჭედელთა კლუბის მიერ შედუღაბებული ხელბორკილები, რომლის საშუალებითაც ოჯახებს შეეძლებათ ერთმანეთს გადაებან და ამითი თავიანთი სიმტკიცე სიმბოლურად გამოხატონ. 

ოპერისა და ბალეტის თეატრის წინ აღლუმის სტუმრებს საოჯახო კონცერტის ნახვა შეეძლებათ. აღნიშნულ წერტილში ქართული სუფრის ფორმის სცენა იქნება აღმართული, რომელზეც პასპორტგადმოგდებული ბავშვები გამოვლენ და ომახიანად იტყვიან ლექსებს, ხოლო განსაკუთრებულად ნიჭიერები იმღერებენ. ნომრებს შორის, სუფრის თავში სხვადასხვა ცნობილი თამადა დადგება და დამსწრე საზოგადოებას ოჯახის სადღეგრძელოს თავისებურ ინტერპრეტაციას შესთავაზებს. სუფრა-სცენაც ასევე თავისუფალია და იქ გამოსვლა ნებისმიერ თამადას ან ბავშვს შეეძლება. 

ორგანიზატორების თქმით, მთელი დღის განმავლობაში კიდევ უფრო მეტი და საინტერესო ღონისძიება და სხვადასხვა კუთხის მოწყობა იგეგმება. მაგალითად, ე.წ. სკაიპის კუთხე, რომელშიც ქართველ ვაჟკაცებს, ნამდვილ მამაკაცებსა და ნამდვილ ჰეტეროსექსუალებს, უცხოეთში სამუშაოდ გაშვებულ ცოლებთან ლაპარაკი შეეძლებათ. სკაიპის კუთხესთან იქნება სპეციალური პარკინგი, რომელზეც ქმრებს ცოლების მიერ გამოგზავნილი ფულებით ნაყიდი მერსედესებისა და "ბეენვეების" დაყენება შეეძლებათ. 

ოჯახის სიმტკიცის დღეს შეუერთდნენ მართლმადიდებლური არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც სხვადასხვა ტრენინგებსა და ვორკშოპებს ჩაატარებენ. მაგალითად, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი სპეციალურ ტრენინგს ჩაატარებს საქართველოში ჩამოსული უცხოელებისთვის. "მაგათმა არ იციან რა არის ოჯახი და ჩვენ უნდა ვასწავლოთ!" - დასძინა ორგანიზაციის თავმჯდომარე ავთანდილ უნგიაძემ. 

საზეიმო ღონისძიებები დილიდანვე დაიწყება და ორგანიზატორების აზრით აღნიშნულ ზეიმში მთელი საქართველო ჩაერთვება. 

კომენტარები