პრეზიდენტმა ექსკურსიაზე მთავრობის სხდომა მოინახულა

5,762 ნახვა 5 სგ
5 სგ

თბილისი - გუშინ, მთავრობის სხდომამ სპეციალურ საექსკურსიო ჯგუფს უმასპინძლა, რომლის შემადგენლობაში საქართველოს პრეზიდენტი, ბატონი გიორგი მარგველაშვილიც იყო.

"ეს ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ძაან საინტერესო დღე იყო," განაცხადა მარგველაშვილმა ჩიტთან ინტერვიუში. "ნაღდად მეტი შევიტყვე ქართულ სახელმწიფოზე და როგორ მუშაობენ მინისტრები და ეგეთი რაღაცეები."

პრეზიდენტთან ერთად სხდომას სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები ესწრებოდნენ. სტუმრები თავისუფალი ესსეების კონკურსის - "მე რომ პრემიერი ვიყო..." შედეგებით შეარჩიეს. მარგველაშვილმა ჩიტს არ გაუმხილა, თუ რა დაწერა მან თავის ესსეში.

"ამ სხდომის მერე მივხვდი, რომ მაგარი სისულელეები დავწერე, კიდევ კაი მართლა პრემიერი არ ვარ, თორე იმენა დავიღუპებოდით," სიცილით განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.

სხდომის შემდეგ, საქართველოს პერმიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სხდომის ცნობისმოყვარე სტუმრებს გაესაუბრა და მათ მინისტრთა კაბინეტის სამუშაო პროცესის შესახებ მოუთხრო. საუბრის შემდეგ ღარიბაშვილმა რამ~დენიმე სტუმარს ავტოგრაფი მისცა. ამ იღბლიან სტუმართა შორის აღმოჩნდა საქართველოს პრეზიდენტი მარგველაშვილიც.

"ძალიან მნიშვნელოვანია რიგით მოქალაქეებთან და მომავალ თაობასთან კომუნიკაცია," განაცხადა პრემიერმა ღარიბაშვილმა. "ამ მოქალაქეებს დარბაზის დატოვების შემდეგ მეტი ეცოდინებათ სახელმწიფოს მუშაობაზე და დემოკრატიულ სტრუქტურებზე."

"მაგარი იყო, განსაკუთრებით დროშები მომეწონა," დაასკვნა ქვეყნის მეორე პირმა, სანამ იგი თავის ჯავშნიან მერსედესში ჩაჯდებოდა და ესკორტის თანხლებით საპრეზიდენტო რეზიდენციაში წავიდოდა შუადღის ძილისთვის.

კომენტარები