ნინო ბურჯანაძე ინცესტისა და Game of Thrones-ის წინააღმდეგ ილაშქრებს

8,032 ნახვა 4 სგ
4 სგ

თბილისი - პარტია "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე ინცესტის წინააღმდეგ ფართო მასშტაბიან კამპანიას იწყებს. როგორც ბურჯანაძე აცხადებს, ინცესტი დღეს საქართველოში ძალიან აქტუალური თემაა და გარკვეული ძალები ამის კიდევ უფრო პედალირებას პოპ და მასობრივი კულტურის მეშვეობით ახდენენ. მისი თქმით, ქართულ ტელევიზიებში ნელ-ნელა ახალი ტენდენცია შემოდის, რაც სამხრეთ ამერიკული ხარისხიანი და პატიოსნებით გაჯერებული სერიალების, გარყვნილი და ამორალური ამერიკული სერიალებით ჩანაცვლებაში გამოიხატება. 

"ჩვენს შვილებს აჩვევენ ინცესტს და გარყვნილებას. ახლა ქართულ ტელევიზიებში გადის სერიალი Game of Thrones ანუ სამეფო კარის თამაშები. სადაც მეფე, ჯოფრი ბარათეონი ინცესტის შედეგად არის ჩასახული. პირველივე სერიაში ვხედავთ ტყუპების, სერსეი და ჯეიმი ლანისტერების სექსის სცენას, რომელთაც ფაქტზე შეუსწრებს ბრენ სტარკი და რა ხდება ამ დროს? მას ფანჯრიდან აგდებენ. ეს სიმბოლიზმია. სტარკები მთის ხალხია, ისევე როგორც ჩვენ, ქართველები, ხოლო ლანისტერები მდიდარი და გარყვნილები - როგორც ევროპა და ამერიკა. სწორედ ასე გადმოგვაგდებენ და გარყვნილების მორევში გვიკრავენ თავს თუ დროზე არ ამოვიღეთ ხმა." 

ბურჯანაძის პოზიციას იზიარებს ცნობილი ბიზნესმენი ლევან ვასაძე, რომლის თქმითაც ბარათეონ-ლანისტერების ისტორია პირდაპირ ქართული მონარქიის იდეის წინააღმდეგაა მიმართული. "ასეთი ფილმებიდან და სერიალებიდან გვაჩვევენ, რომ მეფე ცუდია. შეხედეთ, ჯერ იყო და აეგონ ტარგარიანი იყო გიჟი მეფე, მერე რობერტ ბარათეონი ლოთი და გარყვნილი - ლამის შორენა ბეგაშვილი დაუსვეს საყვარლად და მერე კიდე ჯოფრი, რომელიც საშინელებს აკეთებდა." დასძინა ვასაძემ. 

პარტია "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო" მოქალაქეებს მხარდაჭერას სთხოვს. პოლიტიკური გაერთიანების მესვეურების განცხადებით ყველა ქართველის ვალია დააფიქსიროს თავისი აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით. 

"მე ვთხოვ, ჩვენს თანამოქალაქეებს, განურჩევლად იმისა, არიან თუ არა ჩვენი პარტიის მხარდამჭერები, ამ ინიციატივას გვერდით დაუდგნენ. ჩვენ ერთად უნდა შევწყვიტოთ ინცესტის ეს მარაზმატიკული პროპაგანდა." აცხადებს ბურჯანაძე. 

მხარდაჭერის გამოსახატად, პარტიის ლიდერები მოქალაქეებს მათთან კავშირზე გასვლას სთხოვენ. ისინი მოუწოდებენ საქართველოს ყველა პატიოსან მოქალაქეს მივიდნენ პარტიის ოფისში, აბულაძის 8 ნომერში (ვაკის ეკლესიის უკან) და ხელი მოაწერონ პეტიციას. ან დარეკონ ნომრებზე: (+995 32) 2 55 03 77; (+995 32)2 55 03 88 და სიტყვიერად გამოხატონ თავიანთი მხარდაჭერა სერიალ "სამეფო კარის თამაშების" დაგმობით.

კომენტარები